ბრიტანელი საიმონ იეიტსის გამარჯვებით დასრულდა პოპულარული რვადღიანი ველორბოლა ტირენო ადრიატიკო, რომელიც ჯირო დ’იტალიას მონაწილეთათვის მზადყოფნის ბოლო შემოწმება იყო.
„მიჩელტონ-სკოტის“ 28 წლის მრბოლმა ბოლო, მერვე ეტაპი - 10-კილომეტრიანი დროზე რბოლა, მე-17 შედგით დაასრულა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სამთო რბოლების სპეციალისტს, საერთო კლასიფიკაციაში 17 წამით ჩამოეტოვებინა ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი გერეინ ტომასი (ინეოს გრენადერსი).
ბოლო ეტაპის წინ, იეიტსი მეორეზე მყოფ პოლონელ რაფალ მაიკას (ბორა-ჰანსგრო) 16 წამს უგებდა. მაგრამ ეს უკანსკნლი საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ტომასმა ბოლო ეტაპი მეოთხე შედეგით დაასრულა, მაგრამ ლიდერთან 39-წამიანი ჩამორჩენა მხოლოდ ნაწილობრივ აღმოფხვრა, რაც მოსაგებად არ ეყო.
„ვუელტას თუ არ ჩავთვლით, ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა მრავალდღიან რბოლაში და ამით ძალიან გახარებული ვარ. გუნდმა მთელი კვირა შესანიშნავად იმუშავა და დღეს ჩემი ჯერი იყო, რომ ეს შრომა წყალში არ ჩამეყარა“, - განაცხადა გამარჯვებულმა, ვისი ძმაც, ადამ იეიტსი ტურ დე ფრანსზე მე-5 ადგილზე იმყოფება და ყვითელი მაისურის დაბრუნების შანსებს ჯერაც ინარჩუნებს.
ბოლო ეტაპი კი ტომასის იტალიელმა თანაგუნდელმა, ფილიპო განამ მოიგო, ვინც მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.







