ფეხბურთი

19:27 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტში" ახალი მწვრთნელები ჰყავს

ბელგიურმა „გენტმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლასლო ბოლონი დაითხოვა და მის ნაცვლად ვიმ დე დეკერისა და პეტერ ბალეტის დუეტი დანიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ბოლონი წარუმატებელი შედეგებისა და განსხვავებული შეხედულებების გამო დაითხოვეს. როგორც „ბუფალოს“ თავმჯდომარე, ივან დე ვიტმა განაცხადა, პასუხისმგებლობა მიშელ ლუვაიგთან ერთად აიღო და რუმინელი დაითხოვა.

„ბოლო მატჩების შედეგი გადამწყვეტი იყო. არ გვინდა, მხოლოდ მწვრთნელი დავადანააულოთ, ის ყველაფერს აკეთებდა წარმატებისთვის, მაგრამ ეს შეცდომა იყო და მე და მიშელმა პასუხისმგებლობა ავიღეთ. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი კლუბში ყოფნის 20-წლიან პერიოდში ასეთი განსხვავებული შეხედულებები არასდროს მინახავს, ჩვენ გავითვალისწინეთ ფეხბურთელების აზრიც. ლასლო შესანიშნავი მწვრთნელია, დიდი გამოცდილებით, მაგრამ ჩვენთვის შესაფერისი არ იყო.“, - აღნიშნა დე ვიტმა.

ერთ-ერთი მწვრთნელი ვიმ დე დეკერი იქნება, 38 წლის სპეციალისტი, რომელიც გენტის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა:

„მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, რომ ეს შესაძლებლობა მომცა. ვიცნობთ ფეხბურთელებს და მინდა იცოდეთ, რომ გუნდში საკმარისი ხარისხია. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი თამაშისთვის სუპერმოტივირებული ვიქნებით და კონცენტრაცია ძალიან მაღალია“, - თქვა დე დეკერმა.

შეგახსენებთ, „გენტი“ ხვალ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის „რაპიდს“ შინ შეხვდება. გიორგი ჩაკვეტაძემ (გიორგი ქვილითაია პრაქტიკულად წასულია გუნდიდან) მიმდინარე სეზონში ორი მწვრთნელი უკვე შეიცვალა - იეს თორუპი და ლასლო ბოლონი. „გენტი“ ბელგიის ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ 3 ქულით აუტსაიდერთა შორისაა (1 მოგება, 4 წაგება).

0.112901