ბლოგი

14:24 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სარაგბო ნატვრის ასრულება - საქართველო დიდ 8-ში!

არ აქვს მნიშვნელობა რაგბი გიყვარს თუ არა, არც ისაა მნიშვნელოვანი, ზოგადად სპორტი რამდენად გაინტერესებს, მთავარი ისაა, რომ როგორც იქნა ასრულდა ქართველების დიდი ხნის ოცნება და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ოფიციალურად გაერია ბობოლათა შორის. ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში ეს სიხარულის გარდა სხვა ემოციას არ უნდა ბადებდეს!

“შემოდგომის ერთა თასი 2000“ ოფიციალურად ერთჯერადი ტურნირია და იგი ერთგვარი ექსპერიმენტიცაა იმის გასაგებად აქვს თუ არა აზრი ამ ტურნირის გაგრძელებას. როგორც იცით, მსოფლიო რაგბის მამები დიდი ხნის მანძილზე იკავებდნენ თავს საქართველოს ნაკრების ძლიერთა ამა ქვეყნისათა მარაქაში გარევისგან და ახლაც, როდესაც ახალი ტურნირი დანონსდა, იქ იაპონია, სამხრეთ აფრიკა და ფიჯი მიიწვიეს და არა საქართველო. ჩვენდა ბედად, კორონა-გაუგებრობებმა თავისი ქნა, აფრიკელებმა და აზიელებმა “8 ერში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და რაგბის მამებს ისღა დარჩენდათ, საქართველოსთვის მიეცათ ნანატრი შანსი. შანსი, რომელსაც ბოლო 30 წელია ველით.

უკვე გაირკვა თუ ვინ ითამაშებს საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში და ბევრმა შეიცხადა - როგორ არ გაგვიმართლა ძლიერ ჯგუფში რომ მოვხვდითო. არადა, სწორედ ინგლისი, ირლანდია და უელსია ის გუნდები, რომლებთან მატჩებშიც შეიძლება ისწავლო რამე, განვითარდე და შემდეგში ეგებ ისეთ დონესაც მიაღწიო, როდესაც 8 თუ 6 ერში თამაში სახვეწარი კი აღარ გვექნება, აქეთ გვთხოვენ მონაწილეობას და ვინ იცის არც ისე შორსაა ეს ნანატრი დრო.

ქართველ მორაგბეთა რამდენი თაობა წავიდა დიდი სპორტიდან ისე, რომ ამგვარ ტურნირზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. რამდენმა დიდმა მორაგბემ გაიარა ეს წლები რუსეთისა და ბეჩავი პორტუგალიის ნაკრების დევნაში, რამდენ ქომაგს განუცდია მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელთა მიერ ჩვენდამი გამოჩენილი ხშირად დიდი და აუხსნელი უსამართლობები. რომელი ერთი ჩამოვთვალო არც კი ვიცი... თუნდაც ის რად ღირს, რომ იყო დრო, როდესაც ევროპის “დიდი 6 ერის“ გუნდები ამხანაგურ მატჩების ჩვენთან გამართვაზეც კი გვიბზუებდნენ ცხვირს და დიდწილად ამის გამო ვერ ვვითარდებოდით ისეთი ტემპებით როგორიც გვინდოდა და როგორც შეგვეძლო. იმედია ის ძველი და დარდიანი ამბები საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს და წინ მხოლოდ პროგრესი გველოდება.

უსაგნო და ულოგიკო არც ოპტიმიზმი ვარგა და არც წინასწარ ცრემლთათხევაა კარგი. თუმცა, მაინც უნდა ვთქვათ ის, რომ დიდი შანსია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამ ახალი ტურნირის ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულოს. ამის მიზეზთა ჩამოთვლა შორს წაგვიგყვანს, მაგრამ იმედია ქართველები არ განაწყენდებიან, როდესაც მსოფლიოს სამი საუკეთესო გუნდი - ინგლისი, ირლანდია და უელსი (შესაძლოა დიდი ანგარიშითაც) დაგვამარცხებენ. ჩვენ ხომ ასეთ დონეზე თამაშს ახლაღა ვიწყებთ და შესაბამისად, ძალიან, ძალიან გაგვიჭირდება ამგვარ გრანდებთან ჯახი.

ქართველ ქომაგებს ერთადერთი, რისი იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს და ეს ჩვენს მორაგბეებს ახლავე უნდა ვთხოვთ და მოვთხოვოთ - ესაა ბოლომდე ბრძოლა, დაუზარლობა და მსოფლიოსთვის იმის დამტკიცება, რომ საქართველო არავისზე ნაკლები არაა და ჩვენი ქვეყნისთვსი შანსის მიცემა შეცდომა არ ყოფილა. აი ამის ნამდვილად მჯერა!

0.135097