„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ჟურნალისტებს გუნდის გაბონელი შემტევის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის მომავლის შესახებ გაუზიარა აზრი.
„ვიმედოვნებ, უახლეს დღეებში სასიამოვნო ინფორმაციას შეიტყობთ. ობამეიანგთან ვსაუბრობთ და ძალიან მალე ყველაფერი მოგვარდება.“ - ციტირებს არტეტას სიტყვებს Sky Sports.
წყაროს მტკიცებით, თავად ობამეიანგიც მზადაა „მეთოფეებთან“ კონტრაქტი გააგრძელოს. ახალი ხელშეკრულება 2023 წლამდე გახანგრძლივდება. ამჟამინდელს კი ყავლი გაისად ზაფხულს გასდის.
ობამეიანგი „არსენალში“ 2018 წლის იანვარში გადავიდა დორტმუნდის ბორუსიიდან“ 63,75 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში მან პრემიერლიგის 36 შეხვედრაში 22 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.
გაბონელმა, დღეს, 12 სექტემბერს, ახალდაწყებულ პრემიერლიგის პირველ ტურშიც გაიტანა. ამჯერად „ფულემს.“ ის მატჩი „არსენალმა“ 3:0 მოიგო.