საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მაკარიძემ პორტუგალიური „სეტუბალი“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია გიორგიმ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და კლუბს მადლობა გადაუხადა.
„ცხოვრებაში ყველაფერი მთავრდება და დღეს არის დღე, რომ დასრულდეს ჩემი კავშირი ერთ-ერთ კლუბთან, რომელმაც კარიერაში ყველაზე მეტი მომცა. ბევრ ადამიანს უნდა გადავუხადო მადლობა, მაგრამ განსაკუთრებით ერთი ადამიანია დაუვიწყარი - დიეგო კოსტა, მეკარეების მწვრთნელი. მასთან ვისწავლე და გავიზარდე. მჯეროდა იმის, რაც მქონდა და წავედი იმისთვის, რაც არ მქონდა. მე მისი სამუდამოდ მადლობელი ვიქნები.
ვერ წავა ისე, რომ სიტყვა არ დავუტოვო პორტუგალიის საუკეთესო გულშემატკივრებს. ჩემო ვიტორიელებო! დიდი სიამოვნება იყო ამ მაისურის ტარება და იმ ხალხის დაცვა, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ განურჩევლად მომენტებისა. საამაყო იყო ამ ოჯახის წევრობა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყველაფრისთვის. თქვენი ადგილი უმაღლეს დივიზიონშია და ეჭვი არ მეპარება, რომ სწრაფად დაბრუნდებით. სადაც არ უნდა იყოთ, მე ყოველთვის თქვენი გულშემატკივარი ვიქნები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, - დაწერა მაკარიძემ სოციალურ ქსელში.
მაკარიძე სეტუბალის „ვიტორიაში“ 2019 წლის იანვრიდან თამაშობდა და განვლილ წელიწადნახევარში 48-ჯერ დაიცვა კლუბის ღირსება. პორტუგალიური კლუბი პრიმეირა ლიგიდან ფინანსური დარღვებების გამო მესამე დივიზიონში დააქვეითეს და ქართველმაც გუნდი უპირველეს ყოვლისა ამიტომ დატოვა.
30 წლის მეკარეს ყველაზე აქტიურად თურქეთის სუპერლიგის ბინადარ „ერზურუმსფორსა“ და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის წევრ „ალმერიას“ უკავშირებენ.