ფეხბურთი

10:19 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრების ფორვარდი: "დინამო არენაზე" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო"

სომხეთის ნაკრებისა და რუსული „ტამბოვის“ თავდამსხმელმა ალექსანდრ კარაპეტიანმა საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. 32 წლის ფორვარდის განცხადებით, თბილისში თამაში მისთვის განსაკუთრებული და ამაღელვებელი იქნება.

საქმე ისაა, რომ კარაპეტიანი თბილისში დაიბადა და 11 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა. ამიტომაც, სომეხი ფეხბურთელისთვის "დინამო არენაზე" თამაში ოცნების ახდენასთან ასოცირდება.

„საქართველოსთან მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან 11 წელი საქართველოში ვცხოვრობდი, ბავშვობაში, როდესაც მე და ბებიაჩემი „დინამო თბილისის“ სტადიონთან ჩავივლიდი, ვუყურებდი მას და ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს იქ მეთამაშა. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებთან ვითამაშებთ, ჩემთვის ეს შესაძლებლობაა დავუბრუნდე იმ ადგილს, სადაც დიდი ხანი ვცხოვრობდი, ეს ძალიან ამაღელვებელია“, - თქვა კარაპეტიანმა.

ცნობისთვის, თავის დროზე კარაპეტიანი საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილს არ მალავდა, მაგრამ 2014 წლიდან სომხეთის ნაკრების თავდამსხმელია და 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა. უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრები სომხეთს ერევანში 11 ოქტომბერს ესტუმრება, ხოლო თბილისური მატჩი 15 ნოემბერსაა ჩანიშნული.

0.133538