ფეხბურთი

11:22 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას ფორვარდის დამატება უნდა და ორი ვარიანტი აქვს

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელს ეძებს. მას შემდეგ, რაც ნიკა კაჭარავამ გუნდი დატოვა და პოზნანის „ლეხში“ გადავიდა (ინფორმაცია სულ მალე გაოფიციალურდება), კვიპროსული გუნდი ერთადერთი ცენტრფორვარდის ამარა დარჩა.

ქეცბაიას ორი ვარიანტი აქვს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დრო ცოტაა - კვიპროსში სატრანსფერო ფანჯარა 15 სექტემბერს იხურება.

ერთი კანდიდატი პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ საკუთრებაში მყოფი 23 წლის ბელგიელი უგო კუიპერსია, რომელმაც გასული სეზონი ფრანგულ „აიაჩოში“ იჯარით გაატარა, მეორე კი გიორგი ქვილითაია.

„გენტმა“ ქართველ ფორვარდზე უარი საბოლოოდ რომ თქვა, ეს ამ სეზონის სტარტმა ნათლად გამოაჩინა, იმის მიუხედავად, რომ გიორგის კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ქვილითაიას „ანორთოსისს“ რამდენიმე თვის წინაც უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ გუნდში ნიკა კაჭარავა და მიხალ დურიში იყვნენ, შედეგად, საქმე წინ არ წავიდა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა - კლუბში არც კაჭარავაა და აღარც დურიში.

ქეცბაია ისეთი ფორვარდის მოძებნას ცდილობს, რომელსაც იცნობს და თავის მხრივ, ქვილითაიასაც სათამაშო პრაქტიკა ჰაერივით სჭირდება, რადგან უთამაშებლობა აშკარად დაეტყო.

ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ „ანორთოსისი“ 24 სექტემბერს ევროპა ლიგის გათამაშებაში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და შემადგენლობის გაძლიერების კიდევ ერთი მოტივი ესეც გახლავთ.

0.121062