ჩოგბურთი

19:12 | 11.09.2020 | ნანახია NaN - ჯერ

აშშ-ის ღიას ფინალში ოსაკა და აზარენკა ითამაშებენ

აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ბადის ფინალში, ერთმანეთს იაპონელი ნაომი ოსაკა და ბელარუსი ვიკტორია აზარენკა დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალში ორივემ ამერიკელი მეტოქე, შესაბამისად, ჯენიფერ ბრეიდი და სერენა უილიამსი დაამარცხა.

ოსაკამ ბრეიდს 7-6(1) 3-6 6-3 მოუგო და მეორედ ითამაშებს იმ ტურნირის ფინალში, რომელიც 2018 წელს მოიგო. 28-ე ნომრად განთესილმა ბრეიდიმ დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში პირველად ითამაშა და მანამდე ისე მიაღწია, სეტიც არ ჰქონდა წაგებული.

მათი შეხვედრის დროს, ნიუ იორკში ძლიერი წვიმა წამოვიდა, თუმცა ჩოგბურთელები დასველებისგან არტურ ეშის სახელობის კორტის გადახურვამ დაიწყო. თამაშიც სახურავზე წვიმის წვეთების დაცემით გამოწვეული ხმაურის აკომპანიმენტით წარიმართა.

მეოთხე ნომრად განთესილმა ოსაკამ შეხვედრა კარგად დაიწყო და თავის მოწოდებაზე პირველი გეიმი „მშრალად“ მოიგო. თუმცა ბრეიდიც თავის სერვისზე კარგად გაისარჯა. 3-3-ზე ოსაკამ ბრეიკ პოინტს დააღწია თავი. საბოლოოდ, სეტის ბედ ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც იაპონელმა მეტოქეს მხოლოდ ერთი ქულა დაუთმო. აღსანიშნავია, რომ ოსაკამ პირველ სეტში მხოლოდ ოთხი უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ბრეიდ არ გატყდა. მეორე სეტში, პირველ ოთხ საკუთარ მოწოდებაზე, მხოლოდ ოთხი ქულა დათმო, მერვე გეიმში კი ბრეიკს მიაღწია და 5-3 დაწინაურდა, რის შემდეგაც, თავის მოწოდებაზე, სეტის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია.

გადამწყვეტი სეტის დასაწყისში, ოსაკამ მეტოქის მოწოდების აღება შეძლო და მალე 4-1 დაწინაურდა. და ამ უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება შეძლო.

ცნობისათვის, ოსაკას 2018 წლის ფინალში სერენა უილიამსი ჰყავს დამარცხებული, რომელმაც შეხვედრა მსაჯთან კამათში გაატარა.

თავის მხრივ, სერენამ აზარენკას აშშ-ის ღიას 2012 და 2013 წლების ფინალში დაამარცხა. მაგრამ ამჯერად დიდი სლემის სანუკვარი 24-ე ტიტულისკენ გზა სწორედ ბელარუსმა ჩოგბურთელმა გადაუღობა.

აზარენკასაც ფინალის საგზურის მოსაპოვებლად, სამი სეტი დასჭირდა - 1-6 6-3 6-3. ის ფლეშინგ მედუსზე ფინალში მესამედ ითამაშებს. ცნობისათვის, აზარენკას დიდი სლემის ორი ტურნირი აქვს მოგებული და ორივე მელბურნში (2012 და 2013 წლებში).

შეხვედრის შემდეგ, აზარენკამ განაცხადა, რომ დროულად შეძლო დამშვიდება, რამაც მისი თამაშის ხარისხზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო შვიდ სეზონში, აზარენკასთვის ეს დიდი სლემის ტურნირის პირველი ნახევარფინალი იყო. სერენამ აგრესიულად დაიწყო და ქულებს კორტის პრაქტიკულად ყველა წერტილიდან აგროვებდა. აზარენკას კი თავის მოწოდებაზე უჭირდა - პირველ სეტში, ოთხჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა და 15 მოწოდებიდან, მხოლოდ ექვსი ქულის აღება შეძლო. სერენას პირველი სეტის მოსაგებად, ნახევარ საათზე ოდნავ მეტი დასჭირდა.

მაგრამ მეორე სეტის მეხუთე გეიმში, ბელარუსმა ჩოგბურთელმა ორი შესანიშნავი ბექჰენდით ბრეიკს მიაღწია და 3-2 დაწინაურდა. აზარენკამ თავისი მოწოდბაც გააუმჯობესა და სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა. მესამე სეტში მანვე ერთქულიან უპირატესობას მიაღწია და შეხვედრას წერტილი ეისით დაუსვა.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.065604