სხვა

5:00 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარკ ჰირშიმ ტურზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

შვეიცარიელი მარკ ჰირში ტურ დე ფრანსზე პირველად ასპარეზობს და ორჯერ ჰქონდა ეტაპის მოგების შანსი, მაგრამ ბოლო მომენტში უფრო გამოცდილმა მეტოქეებმა აჯობეს. თუმცა თავისი მაინც გაიტანა და მე-12 ეტაპზე, რომელიც მიმდინარე ველომარათონზე ყველაზე გრძელი იყო, საწადელს მარტოხელა შეტევით მიაღწია.

22 წლის ჰირშიმ (ტიმ სანვები) კარგად ისარგებლა თანაგუნდელების, დანიელი სორენ კრაგ ანდერსენის და ბელგიელი ტიეს ბენოოტის მანევრით, რომელიც მათ მეოთხე, ბოლო აღმართზე წამოიწყეს. ფრანგმა ჟულიან ალაფილიპმა (დესონინკ-ქვიკსტეპი) სცადა დაწევა, მაგრამ ჰირშიმ ბოლო 28 კილომეტრზე ახლოს არავინ გაიკარა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. გამრჯვებულს მეორეზე გასული ფრანგი პიერ როლანი (B&B ოტელს-ვიტალ კონსეპტი) 47 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილი კრაგ ანდერსენმა დაიკავა, რომელიც ფინიშთან პელოტონს სპურტით აჯობა.

ამგვარად, 2012 წლის შემდეგ, ჰირში პირველი შვეიცარიელია, ვინც ტურზე ეტაპის მოგება შეძლო. 2012 წლის რბოლისას, ეს სახელოვანმა ფაბიო კანჩელარამ შეძლო. ალაფილიპი, ვინც ჰირშის მეორე ეტაპის მოგების საშუალება არ მისცა, ამჯერად მე-11 ადგილს დასჯერდა.

12 ეტაპის შემდეგ, რბოლას კვლავ სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი (ჯუმბო ვისმა) ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევარს, კოლუმბიელ ეგან ბერნალს (ინეოს გრენადერსი), ვინც ტურის მოქმედი ჩემპიონია, ისევ 21 წამს უგებს.

მე-13 ეტაპი, მასიფ სენტრალი, კვლავ სამთო მონაკვეთებზე გაივლის და მიმომხილველთა შეფასებით, ეს ველომარათონის ურთულესი ეტაპი იქნება. სავარაუდოდ, მასზე გაირკვევა იმ ველომრბოლის ვინაობაც, ვისაც რბოლის მოგების ყველაზე მეტი შანსი ექნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095507