ფეხბურთი

20:23 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია "ლოკომოტივში" დაბრუნდება? "15 მილიონი? არა, 100 მილიონიც კი შევთავაზეთ"

ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მოსკოვის „ლოკომოტივში“ დაბრუნდეს. Busines-online-ს ინფორმაციით, „რკინიგზელები ტრანსფერთან ახლოს არიან და „რუბინის 15 მილიონი ევროც შესთავაზეს.

„რკინიგზელებს“ ხვიჩა ალექსეი მირანჩუკის იდეალურ შემცვლელად ესახებათ, რომელიც ცოტა ხნის წინ ბერგამოს „ატალანტაში“ გადავიდა. აღსანიშნავია, რომ თუ ტრანსფერი შედგა, „რუბინის“ ისტორიაში ყველაზე ძვირად გასხვისებული ფეხბურთელი ხვიჩა გახდება.

მოგეხსენებათ, ქართველი „ლოკომოტივში“ 2019 წელს იჯარით თამაშობდა (10 მატჩი, 1 გოლი) და მაშინ „რკინიგზელებმა“ გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა არ ისურვეს, ამიტომაც, ჩვენებური ყაზანურ გუნდში აღმოჩნდა.

თუმცა, „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია. მისი განცხადებით, კლუბს ხვიჩას ტრანსფერის შესახებ შეთავაზება არ მიუღია.

„კლუბთან ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა. ამაზე საუბრობენ... ეს ერთგვარი ლაპარაკია, მეტი არაფერი“, - თქვა საიმანოვმა.

ინფორმაცია არც მოსკოვის „ლოკომოტივის“ საბჭოს თავჯდომარემ ანატოლი მეშჩერიაკოვმა დაადასტურა და ინფორმაციას სისულელეც კი უწოდა:

„ლოკომოტივმა“ ხვიჩასთვის 15 მილიონი ევრო შესთავაზა? 100 მილიონი შევთავაზეთ! სერიოზულად, ეს სისულელეა“, - განაცხადა მეშჩერიაკოვმა.

რუსული მედია იმასაც იტყობინება, რომ ჩვენებურის მიმართ ინტერესს მოსკოვის „სპარტაკი“ და „კრასნოდარი“ იჩენენ, თუმცა უფრო მეტი დეტალი ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ქართველი ყაზანური გუნდის აშკარა ლიდერია და გასული სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.

0.126901