საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.
"შეგვეძლო და გვინდოდა მოგება, ორჯერ შენგელიას, ერთხელ კანკავას კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გავიტანეთ. საბოლოო ჯამში ქულა ცუდი შედეგი არაა, მაგრამ ვცადეთ გამარჯვება და თამაშიც გადავაწყვეთ. წინ ბელარუსთან გადამწყვეტი თამაში გველოდება და იმედია, იმ დროისთვის ფეხბურთელები უკეთეს ფორმაში იქნებიან, რადგან დღეს რამდენიმეს უთამაშებლობა აშკარად დაეტყო.
დიდი ხანია ფორვარდის პოზიციის დარად, დაცვის მარცხენა ფლანგზეც პრობლემა გვაქვს. ამიტომ, გადავწყვიტე ნიკა მაილისთვის შანსი მიმეცი. მან ნახევარი საათი ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ შემდეგ გეთანხმებით, რომ შეცდომა დაუშვა და ალბათ ეს ჩემი ბრალიცაა, რადგან შანსი ადრე მივეცი. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ამ ერთი შეცდომის გამო ნაკრების კარი უნდა დავუხუროთ. შეგვეძლო მეორე გოლის გატანა და მოგება, ჩემი აზრით, ასეთ დონეზე თავდამსხმელებმა უკეთ უნდა ითამაშონ. ფაქტია, გიორგი ქვილითაიას უთამაშებლობა დაეტყო, კაჭარავამ კი ესტონეთში გოლი კი გაიტანა, მაგრამ ბევრჯერ ბურთი დაკარგა. ერთი შეცდომის გამო დავისაჯეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე უფრო ხშირად ცდებოდა, ვერ ვისარგებლეთ. ფეხბურთი ასეთია, შეცდომები გარდაუვალია.
ბუდუ ზივზივაძეს ვაკვირდები, მისი თამაში ვნახე ბრატისლავას "სლოვანის" წინააღმდეგ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ქვილითაიაზე უკეთესს ფორმაში არაა და არჩევანიც ამის მიხედვით გავაკეთე. გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, ჯიმი ტაბიძე და ოთარ კიტეიშვილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, რომლის ყოლას ვისურვებდი დღეს? ერთს ვერ გამოვარჩევ, ყველა გვჭირდება და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო მატჩისთვის ნაკრებს დაეხმარებიან, რადგან ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენენ", - განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს C დივიზიონის მეორე ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ქულა აქვს და... ქართველი ფეხბურთელები, მომდევნო მატჩს 8 ოქტომბერს, თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში გამართავენ.