სერენა უილიამსმა აშშ-ის ღია პირველობაზე კიდევ ერთი ბარიერი გადალახა ბერძენი მარია საკარის სახით და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. თუმცა მესამე ნმრად განთესილი ამერიკელისთვის ეს იოლი შეხვედრა არ ყოფილა. მოსაგებად მას სამი სეტი - 6-3 6-7(6) 6-3 დასჭირდა.
შეხვედრის დასაწყისშივე უილიამსმა ორმაგი შეცდომა დაუშვა, თუმცა მალევე შევიდა რიტმში, დაცვაში კარგად ითამაშა, სამი ბრეიკ პოინტი გადაარჩინა, მეექვსე გეიმში ბრეიკს (4-2) მიაღწია და სეტს გამარჯვების წერტილი ეისით დაუსვა.
მეორე სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა. და აქ დიდი სლემის 23 ტიტულის მფლობელ სერენას, მისმა ძლიერმა მოწოდებამ უმტყუნა. მე-15 ნომრად განთესილმა საკარიმ საჩუქარი სეტებში ანგარიშის გათანაბრებაში ასახა და გადამწყვეტი სეტიც ბრეიკით დაიწყო. თითქოს, ამით ფსიქოლოგიური უპირატესობაც მიიღო, მაგრამ 38 წლის სერენამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძლი სულისკვეთება.
მეოთხე სეტში უილიამსმა საპასუხო ბრეიკს მიაღწია და ანგარიში გაათანაბრა - 2-2. აქ საკარი გატყდა და შეცდომებს უხშირა, რამაც აშშ-ის ღიას ექვსგზის ჩემპიონ სერენას საქმე გაუადვილა. მესამე სეტში მან ტურნირის უსწრაფესი (200.80 კმ/სთ) ეისიც მოაწოდა არტურ ეშის სახელობის კორტზე, მე-100 გამარჯვებას მიაღწია.
მეოთხედფინალში უილიამსის მეტოქე, ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა იქნება.