მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ის ღია პირველობა დაატოვებინეს. მსაჯებმა ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ესპანელ პაბლო კარენო ბუსტასთან შეხვედრის პირველი სეტის მიწურულს, საკუთარ მოწოდებაზე ქულის წაგებით განაწყენებულმა ჯოკოვიჩმა ბურთი კორტის უკან, ჩოგნის დარტყმით გადააგდო, ის კი ხაზის მსაჯს მოხვდა - VIDEO
ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი მაშინვე დაზარალებულთან მივიდა და ბოდიში მოუხადა, მაგრამ ამას მოჰყვა ხანგრძლივი კამათი ტურნირის მთავარ მსაჯთან. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის დიდი სლემის ტრურნირების წესების შესაბამისად, ტურნირის ოფიციალურ პირზე, მეტოქეზე, მაყურებელზე, ან ტურნირის ჩატარების ადგილას, რომელიმე პირზე ფიზიკური შეურაყხყოფა/ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. ამ დებულების შესაბამისად, მსაჯმა ჯოკოვიჩს თამაშის გაგრძელების უფლება არ მისცა და შესაბამისად, მას წაგება ჩაეთვალა.
„ეს სწორი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ის არ უმიზნებდა მსაჯს, მაგრამ ბურთს ჩოგანი დაარტყა და კორტის მიღმა გადააგდო. მოთამაშე თავის ქმედებებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს“, - „ამაზონ პრაიმთან“ საუბრისას განაცხადა ყოფილმა ჩოგბურთელმა ბრიტანეთიდან ტიმ ჰენმანმა, ვინც მსგავსი შემთხვევის გამო, უიმბლდონის 1995 წლის ტურნირიდან მოხსნეს.
მსაჯის გადაწყვეტილებას დაეთანხმა დიდი სლემის შვიდი ტიტულის მფლობელი, შვედი მატს ვილანდერი, ვისაც „ევროსპორტზე“ მიჰყავს რეპორტაჟები: „ეს უფრო უიღბლობაა. რა თქმა უნდა, მას ხაზის მსაჯისთვის ბურთის მორტყმა არ სურდა. მან ზედმეტად ძლიერად დაარტყა. აშკარაა, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მან ასე საკუთარი გაწბილება გამოხატა. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი რამის უფლება არავის აქვს“.