ლუის ჰამილტონის და „მერსედესის“ დომინაციის შეჩერება ვერც ეგრეთ წოდებული „წვეულების რეჟიმის“ აკრძალვით მოხერხდა. პირიქით, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა, მონცას წრე წუთსა და 18.887 წამში გაიარა, მისმა საშუალო სიჩქარემ კი 264.362 კმ/სთ-ს მიაღწია, რაც ფორმულა 1-ის ისტორიაში, ყველაზე მაღალი საშუალო სიჩქარეა.
„ნოუ პარტი, ნოუ პრობლემ“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა და ხაზი გაუსვა, რომ „პარტი მოუდის“ (წვეულების რეჟიმი) აკრძალვას, „ვერცხლისფერი ისრების“ შეჩერება არ შეუძლია. ეს ბრიტანელი პილოტისთვის კარიერაში 94-ე, „პისტა მაგიკაზე“ კი მეშვიდე პოულ პოზიციაა.
სამწუხაროდ, კვლავ საშინელ დღეშია „ფერარი“, რომლის პილოტებსაც მონცას რბოლის სტარტის მოწინავე ათეულში, 1984 წლის შემდეგ პირველად ვერ ვიხილავთ. შარლ ლეკლერი მე-13 ადგილს დასჯერდა, სებასტიან ფეტელმა კი კვალიფიკაციის მეორე ნაწილში გადასვლაც კი ვერ შეძლო და სტარტზე მე-17 პოზიციას დაიკავებს.
გაიბრწყინა „ფერარის“ მომავალმა პილოტმა კარლოს საინსმა, ვინც მესამე საუკეთესო დრო დააფიქსირა. მის გვერდზე სტარტზე ადგილს სერხიო პერესი დაიკავებს, მაქს ფერსტაპენი კი მეხუთე ადგილზეა. საინტერესოა, რომ მე-3 და მე-7 ადგილებზე გასული პილოტები, სულ რაღაც, 0.169 წამმა დააშორა. ეს კი ნიშნავს, რომ თუ არა „მერსედესი“, კვირას დაძაბული ბრძოლა იქნებოდა მოსალოდნელი. თუმცა ბრძოლა მხოლოდ მესამე ადგილისთვის...
იტალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'18.887
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.069
- კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 0.808
- სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 0.833
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.908
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.933
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 0.977
- ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1.162
- ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 1.203
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.290
- დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1.282
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1.347
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.386
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.039
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.686
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2.252
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 2.264
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.319
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.700
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.830