ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ ფელიქს ოჟე-ალიასიმესთან წაგების შემდეგ განაცხადა, რომ დიდი სლემის ტურნირის მოგება "წარმოუდგენლად რთული" იქნება, თუმცა შეეცდება მომავალში "ვარსკვლავებს შეუტიოს". ენდიმ ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის მეორე წრეში კანადელ ჩოგბურთელთან შეხვედრა სამ სეტში წააგო.
მარეიმ პირველად ითამაშა დიდი სლემის ტურნირზე, მას შემდეგ რაც ბარძაყის ძვლის ოპერაცია 2019 წლის იანვარში გაიკეთა.
"როდესაც ტრავმა არ მქონდა მაშინაც კი საკმაოდ რთული იყო დიდი სლემის ტურნირზე მონაწილეობა. ასე, რომ შემდგომშიც რთული იქნება, მაგრამ შევეცდები - რატომაც არა? რატომაც არ უნდა ვცადო ამის გაკეთება? თუ არ გამოვა, არაუშავს. მაგრამ ჯერ კიდევ შემწევს ძალა ვარსკვლავებს შევუტიო." - ციტირებს BBC-ი მარეის სიტყვებს.
მარეიმ თავისი დიდი სლემის პირველი ტურნირი ნიუ იორკში 2012 წელს მოიგო, შემდეგ კი 2013 და 2016 წლებში უიმბლდონზე იმარჯვა. მაგრამ ბარძაყის ტრავმამ შოტლანდიელს პრობლემები შეუქმნა, ჯერ 2018 წელს გაიკეთა ოპერაცია, ხოლო 12 თვის შემდეგ კვლავ მოუწია. 2017 წელს ენდი უიმბლდონის მეოთხედფინალში გავიდა და მას შემდეგ სულ ნაადრევ სტადიაზე ეთიშება დიდი სლემის ტურნირებს.
"თავს ისე ვგრძნობ, რომ დავბრუნდი დიდი სლემის ტურნირებზე. ფორმაში შესვლა მჭირდება, რათა შევძლო ხუთსეტიანი მატჩებში კარგად ვითამაშო. ეს კი დროს მოითხოს, სამწუხაროდ. მწვრთნელთან და ახალგაზრდებთან ვარჯიში სრული დატვირთვით შემიძლია, მაგრამ როდესაც ტურნირზე ჩოგბურთელები 135, 140 მილის სიჩქარით აწვდიან და უკანა ხაზიდან ძლიერად ურტყამენ, დრო გჭირდება რომ შეეჩვიო ასეთ თამაშს. ასე, რომ რაც უფრო მეტს ვითამაშებ უკეთეს ჩოგბურთელებთაბ და ვივარჯიშე მათთან ერთად, უფრო უკეთესი იქნება ჩემთვის." - აღნიშნა მარეიმ.
ენდიმ განაცხადა, რომ ნიუ იორკში გატარებულმა ბოლო ორმა კვირამ მასზე დადებითად იმოქმედა. ენდიმ ცინცინატის მასტერსზე ორი შეხვედრა მოიგო, ხოლო აშშ-ს ღია პირველობის პირველ წრეში იოშიჰიტო ნიშიოკა ხუთ სეტიან შეხვედრაში დაამარცხა, რომელიც 4 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. ახლა უკვე მარეი გრუნტის საფარზე გადაერთვება და როლან გაროსზე მიიღებს მონაწილეობას. საფრანგეთის ღია პირველობა 27 სექტემბერს დაიწყება.
"მატჩის შემდეგაც იგივეს ვიტყვი, რომ უფრო პოზიტიურად ვარ იმ შემდეგის შემდეგ რაც აქ დავაფიქსირე, ვიდრე აქ მოვიდოდი. თქვენ არ იცით რაც ვგრძნობდი რამდენიმე თვის წინ. ცინცინატის მასტერსზე რამდენიმე რთული შეხვედრა ჩავატარე, აქაც მძიმე შეხვედრა მქონდა და ჩემი მარჯვენა ბარძაყი კარგად გამოიყურება. ეს კი უკვე ნამდვილად, ნამდვილად პოზიტიური ნიშანია. რამდენიმე კომპონენტის გაუმჯობესება საჭიროა, რათა უფრო კარგად ვიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა უფრო პოზიტიურად ვარ განწყობილი, ვიდრე რამდენიმე თვის წინ." - განაცხადა მარეიმ.