ფეხბურთი

13:19 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიელი მეკარე: "ვნახოთ თამაშის შემდეგ ვიტყვი თუ არა, რომ ზლატანი დელ პიეროს დონეზეა"

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიური „შემროკ როვერსი“ „მილანს“ შეხვდება. ირლანდიელებს ზუსტად 10 წლის წინ (2010 წლის ზაფხულში) ასევე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტურინის „იუვენტუსთან“ მოუწიათ დაპირისპირება და 0:2, 0:1 წააგეს.

მოდენაში („იუვემ“ საშინამო მატჩი მოდენაში ჩაატარა - რედ) ერთადერთი გოლი ალესანდრო დელ პიერომ ულამაზესი ჯარიმით გაიტანა. მაშინ „შემროკის“ კარს ალან მანუსი იცავდა. ის ახლა 38 წლისაა და კვლავაც ირლანდიური გუნდის კარს იცავს. დელ პიეროს შემდეგ მას ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მოუწევს დაპირისპირება და ალანს ეს ამბავი ძალიან ახარებს.

„გამიმართლა, რომ აქ ვიყავი 10 წლის წინაც, როდესაც „იუვენტუსს“ შევხვდით. დელ პიერომ ჯარიმა გამიტანა, ის ვარსკვლავი იყო, მაგრამ მთელი გუნდი ჩემპიონებით იყო დაკომპლექტებული. ტრეზეგემაც ითამაშა, ბევრი მათგანი, ვინც მაშინ მოედანზე იყო, დღეს აღარ თამაშობს, მაგრამ ცნობილი ადამიანები იყვნენ. ყოველთვის საინტერესოა ჩვენთვის მსგავსი მსოფლიო დონის გუნდების წინააღმდეგ თამაში. „იუვენტუსმა“ ჩვენთან ძირითადი შემადგენლობით ითამაშა, შესაბამისად, საინტერესო იქნება იმის გაგება, „მილანი“ როგორ მოიქცევა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მაგარ ფეხბურთელებს ვეთამაშებით. წარმომიდგენია ხელფასების ოდნობაში რამხელა განსხვავებაა.

ზლატანი ალბათ დელ პიეროსთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც ნათამაშები მექნება. მაგრამ ვნახოთ, მე ვითამაშებ თუ ის ითამაშებს ჩემს წინააღმდეგ, ვიტყვი თუ არა თამაშის შემდეგ, რომ დელ პიეროს დონეზე არის.

„იუვენტუსთან“ ხალხს ეგონა, რომ მეტოქეს 20 საგოლე მომენტი ექნებოდა, მაგრამ 2:0, 1:0 მოგვიგეს. რომ მოენდომებინათ ალბათ 6 გოლსაც გაგვიტანდნენ, მაგრამ ჩვენც კარგად ვითამაშეთ. ცუდია, რომ ხალხი თამაშს ვერ დაესწრება, ასეთ შემთხვევაში მერჩივნა „სან სიროზე“ მეთამაშა, რადგან ეს დიდი გამოცდილება იქნებოდა“, - თქვა მანუსმა.

შეგახსენებთ, „შემროკ როვერსისა“ და „მილანის“ შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართება.

0.109607