ჩოგბურთი

3:43 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

იუბილარმა თიმმა იოლი გამარჯვება მოიპოვა

აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ბადეში მეორე ნომრად განთესილ ავსტრიელ დომინიკ თიმს, დღეს დაბადების დღე ჰქონდა და საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი მიუძღვნა - ინდოელ სუმიტ ნაგალს 6-3 6-3 6-2 მოუგო და მესამე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა.

თიმმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. განსაკუთრებით კარგად, პირველ მოწოდებას ასრულებდა (74 პროცენტი მოიგო) და შვიდჯერ ეისიც შეასრულა. ორსაათიან ბრძოლაში მან შვიდჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება. ისიც სათქმელია, რომ ნაგალი თიმის შესაფერისი ოპონენტი არაა - ის პირველი ინდოელი ჩოგბურთელია, ვისაც ბოლო შვიდ სეზონში აშშ-ის ღიაზე თამაში აქვს მოგებული.

აღსანიშნავია, რომ თიმს ორ შეხვედრაში მხოლოდ ხუთი სეტი აქვს ნათამაშები - პირველ წრეში, მასტან შეხვედრა, ესპანელმა ხაუმე მუნარიმ ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

„ჯერ გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად კარგ ფორმაში ვარ. იმედია, მალე იმ დნს მივაღწევ, რომელზეც კორონავირუსის წყვეტამდე ვიყავი“, - განაცხადა თიმმა, ვინც რამდენიმე დღით ადრე, ცინცინატის მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშა.

შეხვედრის დასაწყისშივე მიაღწია ბრეიკს და მალე 3-0 დაწინაურდა. მეხუთე გეიმში ნაგალმა საპასუხო ბრეიკი აიღო და მალე ანგარიში გაათანაბრა - 3-3. მაგრამ თიმმა თავისი შესანიშნავი პირველი მოწოდების წყალობით, ისევ მიაღწია უპირატესობას და სეტს წერტილი ეისით დაუსვა.

მეორე სეტში ავსტრიელი მსაჯს ეკამათა, რადგან ამ უკანასკნელმა უსაყვედურა იმის გამო, რომ ჩოგბურთელი ენერგეტიკულ სასმელს პირდაპირ ქილიდან სვამდა. ამან თიმი „გააბრაზა“ და ჯავრი ნაგალზე იყარა. მის აგრესიას, ინდოელმა შეცდომებით უპასუხა. საბოლოოდ, თიმმა ისევ ერთი ბრეიკის უპირატესობით მოიგო. მსგავსი სცენარით წარიმართა მესამე სეტიც. თიმის მომდევნო მეტოქეა აშშ-ის ღიას ყოფილი ჩემპიონი (2014 წელი), ხორვატი მარინ ჩილიჩი, რომელმაც მეორე წრეში სლოვაკი ნორბერტ გომბოში 6-3 1-6 7-6(2) 7-5 დაამარცხა.

0.123776