ჩოგბურთი

9:36 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ღიას ქალთა ბადის ფავორიტი გამოეთიშა

აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ბადეს, პირველ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა გამოეთიშა. მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ფრანგმა კაროლინ გარსიამ (ფოტოზე) ორ სეტში, 6-1 7-6(2) მოუგო.

ამგვარად, გრძელდება აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ბადის ტრადიცია, რომლის შესაბამისადაც, 2014 წლის შემდეგ, პირველ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი ტურნირს ვერ იგებს. ბოლოს ეს ექვსი წლის წინათ, სერენა უილიამსმა შეძლო.

გარსიამ თავიდანვე აგრესიულად დაიწყო, რომელმაც პირველ ხუთ გეიმში მეტოქეს გაქანების საშუალება არ მისცა და 5-0 დაწინაურდა. პლიშკოვა პირველ სეტში ნუგეშად ერთ გეიმს დასჯერდა. თუმცა თამაშზე ეტყობოდა, რომ გამარჯვება გაუჭირდებოდა.

უფრო სწორედ, გარსია თამაშობდა კარგად. მან ორ სეტში თამაშიდან 30 ქულის აღება შეძლო, როცა პლიშკოვამ თავის ანგარიშზე მხოლოდ 13 ქულა დაიწერა. და მაინც, მან მეორე სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა, თუმცა ეს მხოლოდ მისი მაქსიმუმი იყო. ცნობისათვის, პლიშკოვა ცინცინატის ტურნირსაც ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

„რეალური იყო იმის შანსი, რომ თამაში მესამე სეტში გადასულიყო. მე ამისთვის მზად ვიყავი. ყოველი ქულისთვის ვიბრძოდი. ამ თამაშისთვის გეგმა მქონდა და ის ზუსტად შევასრულე. ტოპ მოთამაშესთან მოგებამ თავდაჯერება შემძინა“, - განაცხადა გარსიამ, ვისაც მესამე წრეში ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი ელის.

მეორე წრე გაიარა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ვისაც ბრიტანელი კაილ ედმუნდის დასამარცხებლად ოთხი სეტი დასჭირდა - 6-7(5) 6-3 6-4 6-2. ამგვარად, სერბი ამ სეზონში წაუგებელ სერიას აგრძელებს და მის ანგარიშზე უკვე 25 მოგებაა.

0.119638