აშშ-ის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა ანგელიკ კერბერმა, დიდი სლემის ამერიკული ტურნირის მეორე წრეში, თანამემამულე ანა-ლენა ფრიდსმანი 6-3 7-6(6) დაამარცხა და მესამე წრის საგზური მოიპოვა.
მე-17 ნომრად განთესილმა კერბერმა თამაში აგრესიულად დაიწყო და მსოფლიოს 109-ე ჩოგან ფრიდსმანს პირველი სამი გეიმი პირწმინდად მოუგო. ამის შემდეგ, თამაში გათანაბრდა მეოთხე გეიმში თავად მიაღწია ბრეიკს. თუმცა კერბერმა (ვინც აშშ-ის ღიას ჩემპიონი 2016 წელს გახდა) მეექვსე გეიმში, მეტოქის მოწოდებაზე შეძლო დაწინაურება - 40-0 და სეტში სამგეიმიანი უპირატესობა დაიბრუნა, რომელიც ამჯერად შეინარჩუნა.
მეორე სეტის დასაწყისში კერბერმა ისევ შეძლო მეტოქის გეიმის აღება. მაგრამ მომდევნო გეიმშივე ფრიდსმანმა, ვინც აშშ-ის ღიას პირველ წრეს, პირველ ორ გამოსვლაზე არ გასცდენია და ეს მეორე წრეში მისი პირველი გამოსვლა იყო, საპასუხო ბრეიკს მიღწია. ამის შემდეგ მისი თავდაჯერება თანდათან გაიზარდა და კორტზე უშეეღავათო ბრძოლა გაჩაღდა.
საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც 6-5-ზე, კერბერმა პირველი მატჩ პოინტი, უხეიროდ შესრულებული დროპ შოტით გაანიავა. მაგრამ იქვე ფრიდსმანმა თავად დაუშვა შეცდომა, როცა წაღმა ურტყამდა და კერბერს მეორე შანსი მისცა, რომელიც ამ უკანასკნელმა გამარჯვებად აქცია.
კერბერის მესამე წრეში ამერიკელი მეტოქე ეყოლება, რომლის სახელიც, მე-13 ნომრად განთესილი ელისონ რაისკეს და ენ ლის შეხვედრაში გაირკვევა.
ტურნირის მესამე დღის დასაწყისში, მერვე ნომრად განთესილმა ხორვატმა პეტრა მარტიჩმა, ორ სეტში, 6-3 6-4 აჯობა უკრაინელ კატერინა ბონდარენკოს. აღსანიშნავია, რომ ხორვატის უნებლიე შეცდომებმა, მსოფლიოს 349-ე ჩოგან ბონდარენკოს მცირე შანსი მისცა, მაგრამ მარტიჩმა თავისი შეცდომები, მძლავრი მოწოდებით გადაფარა, შეხვედრაში 8 ეისი მოაწოდა მესამე წრეში გაიკვალა გზა. საინტერესოა, რომ შეხვედრისას მას 16-ჯერ ჰქონდა ბრეიკის შანსი, რომელთაგან მხოლოდ ოთხის რეალიზება შეძლო და გამარჯვებას მესამე მატჩ პოინტზე ქულის აღებით მიღწია.