ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დონი ვან დე ბეეკი დაიმატა. „წითელი ეშმაკების“ ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
„აიაქსის“ ვებგვერდი იტყობინება, რომ ტრანსფერის ღირებულებამ 39 მილიონი ევრო შეადგინა. ამ თანხას მომავალში ბონუსის სახით 5 მილიონი ევრო დაემატება.
„არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რა წარმოუდგენელი შესაძლებლობაა ასეთი საოცარი ისტორიის მქონე გუნდში გადასვლა. მინდა „აიაქსში“ ყველას მადლობა გადავუხადო, იქ გავიზარდე და კლუბთან ყოველთვის განსაკუთრებული კავშირი მექნება. ახლა მზად ვარ კარიერაში ნაბიჯი წინ გადავდგა და უმაღლეს დონეზე ვითამაშო. არ არსებობს უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედია“, - თქვა 23 წლის ნიდერლანდელმა.
დონი ვან დე ბეეკი „აიაქსის“ აკადემიაში გაიზარდა და ნიდერლანდური გრანდის რიგებში ჩატარებულ 175 მატჩში 41 გოლის გატანა შეძლო.