ფეხბურთი

18:58 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კოუტინიო "ბარსელონაში" დაბრუნდა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ფელიპე კოუტინიო არ გამოისყიდა და შესაბამისად, ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსელონაში“ დაბრუნდა. ინფორმაცია, როგორც თავად სამხრეთამერიკელმა, ისე გერმანულმა გუნდმა დაადასტურეს.

„მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, პერსონალსა და ფეხბურთელებს ამ სეზონისთვის. ეს იყო შესანიშნავი წელი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ტრიპლეტი კი დაუვიწყარი იყო, საუკეთესოს გისურვებთ“, - დაწერა კოუტინიომ ინსტაგრამში.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, როდესაც „ბაიერნმა“ „ბარსელონა“ 8:2 გაანადგურა, ბრაზილიელმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა. გერმანულმა გუნდმა კი გამოსასყიდი თანხის 120 მილიონი ევროს გადახდა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და მიზეზად კორონავირუსის პანდემიის დროს წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემები დასახელდა.

„მისი შემოქმედებითი უნარი და შესანიშნავი ტექნიკა დაგვეხმარა ტრიპლეტის მოგებაში. ის შესანიშნავი ფეხბუთელია და ეს დაამტკიცა, კარგი გადაწყვეტილება იყო იჯარით დამატება, მას შეუძლია იამაყოს იმით, რაც ჩვენთან გააკეთა“, - ნათქვამია „ბაიერნის“ განცხადებაში.

კოუტინიომ „ბაიერნში“ გატარებულ ერთ სეზონში 38 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა (9 საგოლე პასი). ბრაზილიელს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, თუმცა შესაძლოა გუნდი დატოვოს და პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ამავდროულად, ესპანურ გუნდში მიმდინარე რევოლუციური ცვლილებების გამო, არაა გამორიცხული რონალდ კუმანმა „ბარსელონაში“ მისი გუნდში დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.

0.111556