ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა, ამერიკელმა სოფია კენინმა აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლა, იოლი გამარჯვებით დაიწყო. მან ორ სეტში, 6-2 6-2 დაამარცხა ბელგიელი იანინა ვიკმაიერი.
კენინმა, ვინც მელბურნში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი და ვისაც ამ სეზონში უკვე ორი ტიტული აქვს მოპოვებული, მეტოქეს პირველივე გეიმში მოუგო მოწოდება და პირველი სეტის მოსაგებად, სულ რაღაც, 37 წუთი იმყოფინა.
ამერიკელმა მეორე სეტის დასაწყისშიც შეძლო დაწინაურება და არც მისი მოგება გასჭირვებია. „ვიცოდი, რომ მასთან დომინირება შემეძლო. ისეთი შეგრძნობა მქონდა, რომ ყველა გათამაშების მოგება შემეძლო. მართლა კარგად ვიტამაშე და ვამაყობ ამით“, - განაცხადა კენინმა, ვისაც მეორე წრეში მეტოქეობას, რუს ვერა ზვერევასა და კანადელ ლეილა ფერნანდესს შორის გამარჯვებული გაუწევს.
დიდი სლემის ტურნირზე თავისი სადებიუტო შეხვედრა მოიგო 16 წლის ამერიკელმა კეტრინა სკოტმა, ვინც ძირითად ბადეში უაილდ ქარდით მოხვდა. მან ორ სეტში 7-6(3) 6-2 დაამარცხა რუსი ნატალია ვიხლიანცევა. საინტერესოა, რომ სკოტს WTA-ს ტურნირზეც კი არ უთამაშია და უაილდ ქარდი იმის წყალობით მიიღო, რომ აშშ-ის ღიაზე გამოსვლისგან, ბევრმა ჩოგბურთელმა შეიკავა თავი.