ტურნირის ყოფილ ჩემპიონს ბრიტანეთიდან ენდი მარის, აშშ-ის ღია პირველობის პირველივე წრის გასავლელად, ხუთსეტიანი ბრძოლის (4-6 4-6 7-6(5) 7-6(4) 6-4) მოგება დასჭირდა. მისი მეტოქე იაპონლი იოშიჰიტო ნიშიოკა იყო, რომელმაც ორსეტიანი უპირატესობა გაუშვა ხელიდან.
33 წლის ბრიტანელი, ვინც 2019 წლის ავსტრალიის ღიას შემდეგ, დიდი სლემის პირველ ტურნირს თამაშობს, პირველივე წრეში გავარდნის რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. მაგრამ როგორც ეს კარიერის განმავლობაში არაერთხელ გაუკეთებია, მარიმ ბოლო მომენტში შეძლო ტამაშის შემობრუნება.
მესამე სეტში, როცა ორი უკვე წაგებული ჰქონდა, მარი ბრეიკით ჩამორჩა და მეოთხე სეტში მატჩ პოინტის წინაშე აღმოჩნდა. მაგრამ ორივე შემთხვევაში გამოძვრა და თამაში მეხუთე სეტამდე მიიყვანა, რომლის დასაწყისშიც, ფეხის თითებზე მასაჟი დასჭირდა.
გადამწყვეტ სეტშიც თავიდან მსოფლიოს 49-ე ჩოგანი ნიშიოკა ბრეიკით დაწინაურდა. მაგრამ ბრიტანელმა ისევ იპოვა საკუთარი ძალების რეზერვი და 4 საათის და 38 წუთის შემდეგ, შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. მარის კარიერაში ეს მეათე შემთხვევაა, როცა შეხვედრას ორი სეტით აგებდა და მისი მოგება შეძლო.
„დავიღალე, ფეხის თითები ჩემი სუსტი ნაწილია, ცერები გვარიანად ნაცემივითაა. არ მინდოდა, რომ ეს გრძელი შეხვედრა ყოფილიყო, რადგან დიდი ხანია, არ მითამაშია. მაგრამ როცა ორი სეტით ჩამოვრჩი, დამატებითი ძალები ჩავრთე და როგორც იქნა, გავედი“, - ყვება მარი, ვისაც ძალების სწრაფად აღდგენა დასჭირდება, რადგან მომდევნო მეტოქედ, მე-15 ნომრად განთესილი კანადელი ფელიქს აუგერ-ალიასიმი ეყოლება.
დღეს გვიან, თავის პირველ შექვედრას გამართავს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ვისი მეტოქეც, ავსტრალიელი ჯონ მილმანია.