იტალიაში მყოფმა საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. მოსკიანო სანტ-ანჯელოს საერთაშორისო ტურნირზე დავით უსტიაშვილის გუნდის მეტოქე მასპინძელი იტალია იყო. დამაჯერებლად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველებმა მეტოქის ტემპს ვეღარ გაუძლეს და საბოლოოდ – 57:80 დამარცხდნენ.
პირველ რიგში, მატჩი მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა და ორივე გუნდის მწვრთნელმა ყველა კალათბურთელი ათამაშა. დავით უსტიაშვილმა იტალიელ ვიზავიზე უფრო თანაბრად გადაანაწილა სათამაშო დრო – თავის გამოჩენის შანსი ყველას მიეცა, რომელიც ყველაზე კარგად ბექა ბურჯანაძემ გამოიყენა.
საწყის წუთებში ბექას ქულების და კარგი დაცვის ხარჯზე საქართველო შორს არ უშვებდა იტალიელებს და პირველი მეოთხედის 11:17 წაგების შემდეგ, მეორე პერიოდის შუაში წამოეწია და გააასწრო კიდეც. საქართველო 19:18 დაწინაურდა, შემდეგ 21:20 იგებდა, თუმცა მეორე პერიოდის დარჩენილ 5 წუთში რიტმიდან ამოვარდა და მასპინძლებმა გაილაღეს. იტალიელებმა 3-წუთიანი მონაკვეთი 11:0 მოიგეს და 31:21 დაწინაურდნენ, დიდი შესვენებისთვის კი 35:26 იგებდნენ.
მეორე ტაიმში ქართველებმა სცადეს რამე შეეცვალათ, მაგრამ თამაშის ეშხში შესული მასპინძლები ვეღარ შეაჩერეს. მესამე პერიოდი იტალიელებმა 26:18 მოიგეს და მატჩის ბედი გაარკვიეს. ქართველებიდან ყველაზე კარგი შედეგი ბურჯანაძემ აჩვენა – 21 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი. ბექამ 9-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულით დაასრულა შეხვედრა ოთარ ფხაკაძემ, რომელმაც 6-დან 3 სამიანი ჩააგდო, სამივე ორქულიანი კი ააცილა.
ტურნირის მეორე შეხვედრაში რუსეთმა გერმანია 87:61 გაანადგურა. 22 ივნისს საქართველო გერმანიას შეხვდება. თამაში თბილისის დროით, 20 საათზე დაიწყება.
საერთაშორისო ტურნირი. მოსკიანო სანტ-ანჯელო. იტალია. 21 ივნისი
იტალია 80:57 საქართველო
statistika: http://www.sportingpulse.com/round_info.cgi?a=MATCH&fixture=385208095&c=1-9100-0-266438-0&pool=1
www.gbf.ge