კალათბურთი

13:44 | 26.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთი დაამარცხა

რუმინეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა პირველივე მატჩში გამარჯვება მოიპოვა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთის 20-წლამდელთა ნაკრები 3 ქულის სხვაობით – 61:58 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება და სპარინგ-მატჩების გასამართად რუმინეთში გაემგზავრა, საიდანაც ასევე ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ლუქსემბურგში გადავა.

25 ივნისს გამართულ შეხვედრაში ქართველები დამაჯერებლად ლიდერობდნენ. მესამე პერიოდში უსტიაშვილის გუნდმა 13-ქულიან უპირატესობას მიაღწია, თუმცა მასპინძლებმა ვითარების გამოსწორება შეძლეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.

ბოლო წუთებზე ქართველებმა ზუსტად შეასრულეს საჯარიმოები, რომლებსაც რუმინელები ტაქტიკურად, დროის მოსაგებად იღებდნენ. ზუსტმა საჯარიმო სროლებმა ქართველებს გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს ნაკრებში 23 ქულით საუკეთესო იყო ბექა ბურჯანაძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებშიცაა გამოძახებული და “ბ” დივიზიონის დასრულების შემდეგ, იგორ კოკოშკოვის გუნდს შეუერთდება. რუმინელებს 8-8 ქულა ჩაუგდეს ნოდარ გოგოძემ და კახა ტომარაძემ.

გასულ მატჩში ტრავმა მიიღო და მომდევნო შეხვედრაში ქართველებს ვერ დაეხმარება ირაკლი მიქელაძე, რომელსაც სათამაშო ეპიზოდში სახეში მეტოქის იდაყვი მოხვდა. მიქელაძეს ცხვირი მსუბუქად, თუმცა გატეხილი აქვს.

www.gbf.ge

0.154294