ქართველმა მოკრივეებმა ლევან გულედანმა (91 კგ.) და ოთარ ერანოსიანმა (60 კგ.) ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროკავშირის ჩემპიონატის ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვეს.
ნახევარფინალურ ბრძოლაში გულედანმა ლიტველი ტადას ტამასაუსკასი ნოკაუტით დაამარცხა. მანამდე, ლევანმა ორი ბრძოლა მოიგო, ჯერ ფინელი ტომი ჰონკა დაამარცხა, მერე კი სლოვაკ ერიკ ტლკანეცს მოუგო.
ოთარ ერანოსიანმა დღეს სლოვაკ მიხეილ ზატორსკის მოუგო, მანამდე კი ერანოსიანმა მეოთხედფინალში მასპინძელთა ფალავანი ელიან დიმიტროვი დაამარცხა, ხოლო პრიველ ეტაპზე იტალიელი მეტოქე გამოთიშა ასპარეზობიდან.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი მოკრივე მიხეილ ბახტიძე (+91 კგ.) ნახევარფინალში იტალიელ გუიდო ვანელოს შეხვდა და სამივე რაუნდში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა, მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება იტალიელს ხვდა წილად და ბახტიძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.