საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის “დიდი პრიზი” 7 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. ამირან პაპინაშვილისა (60 კგ) და შალვა ქარდავას (66 კგ) დარად, გერმანულ კვარცხლბეკზე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ავიდნენ. სამი მათგანი სულაც უმაღლეს საფეხურზე შედგა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ტატამზე ჭრიკიშვილი და წიკლაური გავიდნენ და ოთხ-ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. “დიდი პრიზი” წაუგებლად ავთანდილ ჭრიკიშვილმა ჩაამთავრა.
90 კილოგრამში ყველას ვარლამ ლიპარტელიანმა აჯობა, ხოლო ზვიად გოგოჭური მე-3 ადგილზე გავიდა. მძიმე წონაში კი ადამ ოქრუაშვილს გაჩემპიონებამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.







