ძიუდო

0:11 | 6.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

2 ბრინჯაო და 1 ახალი გვარი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მადრიდის მსოფლიოს თასის პირველი დღე 2 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. გუშინ ჩემპიონ-პრიზიორები პირველ-სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტატამზე 9 ქართველიც გავიდა და მათგან ყველაზე მეტად ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) იყოჩაღეს.
პაპინაშვილი შეჯიბრში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაერთო. იტალიელი მატია გალბიატისა და ბრაზილიელი ბრენო ალვეშის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში, ფრანგ ისამ ნურთან ვეღარას გახდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც მონაკოელ იან სიკარდისა და ჩინელ ა ლამუსს იპონებით გაუსწორდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ტატალაშვილმა ზედიზედ 4 მეტოქე დაამარცხა, თან ოთხივე იპონებით – ფრანგი ლორენ მესეგერი, განელი ემანუელ ნარტი, ბერძენი არის კოტანიდისი და ესპანელი მიგელ რომერო. ფინალის გზა ქართველს მომავალმა ჩემპიონმა, ჩეხმა იარომირ ჟეზეკმა გადაუღობა. რეპეშაჟის ფინალში კი, ტატალაშვილმა სულ რაღაც 47 წამში მოუმთავრა საქმე ბრაზილიელ ბრუნო მენდოსას.
დანარჩენი 7 ქართველიდან შედარებით წინ ბეთქილ შუკვანი (60 კგ) წავიდა. ის მსოფლიოს თასს მერვედფინალიდან გამოეთიშა. სანდრო იაკობაშვილი და უჩა ხუციშვილი (ორივე 66 კგ) პირველსავე წრეში დამარცხდნენ, ხოლო პაატა მერებაშვილის, შალვა ქარდავას (66 კგ), მიხეილ ხომიზურისა და დავით კობერიძისთვის (73 კგ) დაუძლეველი ბარიერი მე-2 წრე აღმოჩნდა.
დღეს მედლები დარჩენილ ოთხ წონაში – 81, 90, 100 და +100 კილოგრამში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი, გიორგი ბაინდურაშვილი (81 კგ), მინდია ბოდაველი, საბა გავაშელიშვილი, ბეთქილ ნავერიანი (90 კგ), ზურაბ ზვიადაური, ირაკლი ცირეკიძე (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.
საინტერესოა, რომ ესპანეთში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ამირან ტოტიკაშვილის მიერ “მსოფლიოს სპორტისთვის” მიწოდებული შემადგენლობა 17-კაციანი იყო და ნავერიანი ქართულ განაცხადში ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კენჭისყრის გამოქვეყნების შემდეგღა აღმოვაჩინეთ.
ძიუდო
მსოფლიოს თასი
მადრიდი
5 ივნისი

60 კგ
1 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)
2 ლილიან ბარიე (საფრანგეთი)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ისამ ნური (საფრანგეთი)
66 კგ
1 დენის კოზლოვსი (ლატვია)
2 კუკ იონ ჰონგი (ჩრდილოეთ კორეა)
3 იუნ ჰიუნ ჩოი (სამხრეთ კორეა)
3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)
73 კგ
1 იარომირ ჟეზეკი (ჩეხეთი)
2 მოჰამედ რიადი (საფრანგეთი)
3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
3 მიგელ რომერო (ესპანეთი)
ოთარ მაღლაკელიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158083