ესპანურმა „სევილიამ“ ივან რაკიტიჩი დაიმატა. ტრანსფერი, როგორც ანდალუსიურმა გუნდმა, ისე „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურეს.
32 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა „სევილიასთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „ბარსელონამ“ მთლიანობაში 10.5 მილიონი ევრო მიიღო, საიდანაც 1.5 მილიონი გარიგების ღირებულებაა, ხოლო დანარჩენი 9 მილიონი ბონუსი.
რაკიტიჩი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობდა და 310 მატჩში 36 გოლი გაიტანა. მან კატალონიაში ოთხ-ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
რაკიტიჩისთვის „სევილია“ ნაცნობი ადგილია, იქ 2011-2014 წლებში თამაშობდა და ევროპა ლიგა ერთხელ მოიგო. ანდალუსიურ კლუბში ხორვატმა 149 თამაშში 32 გოლის გატანა შეძლო.