სხვა

11:50 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტურის მესამე ეტაპი ევანმა მოიგო, ყვითელი მაისური ალაფილიპს დარჩა

ტურ დე ფრანსის მესამე ეტაპიც სპრინტერული სპურტით დასრულდა, რომელშიც ყველას ავსტრალიელმა კალებ ევანმა აჯობა. „ლოტო-სუდალის“ მრბოლმა ზიგზაგით, ბარიერთან შეჯახების ზღვარზე გაიარა ბოლო ასეული მეტრი და ფინიშთან სანტიმეტრებით მიასწრო ძალაგამოლეულ ირლანდიელ სემ ბენეტს. მესამე ეტაპის შემდეგ, ლიდერის ყვითელი მაისური „დესონიკ-ქვიკსტეპის“ ფრანგმა ჟულიან ალაფილიპმა შეინარჩუნა.

მესამე ადგილი იტალიელმა ჯაკომო ნიცოლომ (NTT პრო საიკლინგ) დაიკავა, რომელსაც ბენეტის (დესონიკ-ქვიკსტეპი) მსგავსად, სპურტისთვის საჭირო ძალა აღარ ჰქონდა, თუმცა ფინიშს გამარჯვებულის დროში უწია.

ევანის ზიგზაგები იმდენად აგრესიული იყო, რომ ბევრს პოლონეთის ტურზე, ჰოლანდიელი ფაბიო იაკობსენის წაქცევა გაახსენა, რომელსაც მძიმე ტრავმა მოჰყვა. იყო ვარაუდი, რომ ავსტრალიელ მრბოლს ამ მოგებას ჩამოართმევდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

სტარტიდან მალევე, პელოტონს ოთხი მრბოლი გამოეყო და დაწინაურდა. თუმცა მალე მათ შორის ყველაზე გამოცდილმა, ბელგლიემა ოლივერ ნაესენმა (AG2R ლა მონდიალი) ტემპი დააგდო და პელოტონს დაუბრუნდა. დარჩენილთაგან ორნი - ფრანგი ანტონი პერესი (კოფიდისი) და მისი თანამემამულე ბენუა კოსნეფრუა (AG2R ლა მონდიალი) „მთის მეფის“ წინწკლებიანი მაისურისთვის იბრძოდნენ და როგორც კი ორი აღმართი გაიარეს, მესამეს - ასევე ფრანგ ჟერომ კუზენს (ტოტალ დაირექტ ენერჯი) დაწინაურების საშუალება მისცეს. თუმცა ფინიშამდე 14 კილომეტრით ადრე, პელოტონი ყველას დაეწია.

პერესმა წინწკლებიანი მაისურის მოპოვება კი შეძლო, მაგრამ რბოლა მისთვის მაინც წარუმატებელი გამოდგა - იმ დროს, როდესაც თავისი გუნდის გამყოლ მანქანაში მყოფ გუნდის მენეჯერთან ჰქონდა კონსულტაცია, მოულოდნალად დაეცა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. სამწუხაროდ, მისთვის წლევანდელი ტური იქვე დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091681