ფეხბურთი

22:57 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სლუცკიმ კვარაცხელია ჟურნალისტისგან დაიცვა: "შეუძლია მოედანზე ყველაფერი გააკეთოს!"

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. რუსმა სპეციალისტმა „ტამბოვთან“ ფრის (2:2) შემდეგ ქართველი შემტევი ჟურნალისტის კრიტიკისგან დაიცვა.

პრესკონფერენციაზე კვარაცხელიას შესახებ მედიის წარმომადგენლისა და „რუბინის“ გამოცდილი თავკაცის დიალოგი ასეთი იყო:

- როგორ შეაფასებთ დღეს კვარაცხელიას თამაშს? როგორც ჩანს, ნიკიტა ჩიჩერინთან პირადი დაპირისპირება წააგო. თქვენი აზრით, ხვიჩას დრიბლინგი ძალიან უყვარს?

- როდესაც ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, ნათელ, ნიჭიერზე, მაშინ თუ მას დრიბლინგს ავუკრძალავთ, ის არამხოლოდ ვერ მიიღებს რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზს, არამედ ვერ განვითარდება. ამიტომ, თუ ადამიანი ელოდება იმას, რომ კვარაცხელია ყველა მატჩში გამოვა და შედეგს მიაღწევს, ძალიან ცდება. მეორეს მხრივ, არ ვეთანხმები იმას, რომ მან ჩიჩერინთან რაღაც წააგო, ბევრი ეპიზოდი იყო, როდესაც კვლავ ატყუებდა, შედიოდა საჯარიმოში, აძლევდა პასებს, რომელთაც ოდნავ სიზუსტე აკლდა, ურტყამდა კარის მიმართულებით. ამიტომ, მისგან სიმწვავე მოდიოდა და ბევრი მომენტი იყო. შეიძლება ეს არ ყოფილა მისი ბრწყინვალე თამაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებულად შეუძლია გამოიყენოს ის თვისებები, რაც აქვს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. 19 წლის ჩვენებურმა მიმდინარე სეზონიც დიდებულად დაიწყო და გარდა იმისა, რომ თითო საგოლე პასითა და გამომუშავებული პენალტით გამოირჩა, „რუბინის“ ნათელი წერტილია.

0.114407