ფეხბურთი

17:34 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, რადგან ახლა თამაში მჭირდებოდა"

ვოლგოგრადის „როტორის“ მცველი სოლომონ კვირკველია მომავალში სათადარიგო სკამზე ჯდომას არ აპირებს. Sport-express-თან ვრცელ ინტერვიუში ქართველმა ფეხბურთელმა დეტალურად ისაუბრა „როტორში“ გადასვლის მოტივებზე და არჩევანით კმაყოფილია.

გარდა ამისა, კვირკველია იური სიომინის მნიშვნელობაზე და „ლოკომოტივის“ დატოვების მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ყველაფერი მთავარი მწვრთნელის ცვლილების გამო მოხდა, რადგან მარკო ნიკოლიჩმა მას თამაშის შანსი არ მისცა.

- როგორ შეაფასებთ „ხიმკისთან“ მატჩს?

- ვფიქრობ, რომ სტუმრად მოპოვებულა ქულა ნორმალურია. რა თქმა უნდა, მეტი გვსურდა, რადგან „ხიმკი“ ჩვენი უშუალო კონკურენტია. მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის დასაწყისშივე გავუშვით.

- „როტორში“ ბევრი ახალი ფეხბურთელია, ამიტომ რთულია?

- ვერ ვიტყვი, რომ რთულია. ჩვენს გუნდში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი არაა, ყოველ სამ დღეში გვიწევდა თამაში და ადვილი არ იყო. ახლა სანაკრებო პაუზაა და მუშაობის დრო იქნება, მჯერა ყველაფერი ნორმალურად წარიმართება.

- ბოლო წლებში ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძოდით, ახლა დასარჩენად. გიჭირთ?

- არა, ყველაფერი წინ არის, ჩემპიონობისთვის ისევ ვიბრძოლებ. უბრალოდ ახლა ისეთი მდგომარეობა იყო, რომ თამაში მჭირდებოდა. ნელ-ნელა ფორმაში შევალ, დრო ყველაფერს გამოაჩენს.

- რატომ „როტორი“? სხვა ვარიანები არ გქონდათ?

- ვერ გეტყვით. აქ ჩემი ბევრი მეგობარია და ალბათ ეს არის მიზეზი, ადაპტაციას უფრო ადვილად გავივლი.

- „როტორში“ ბევრი ქართველი ფეხბურთელია, როგორ მოხდა?

- არ ვიცი, მთავარ მწვრთნელს უკეთ ეცოდინება.

- ამბობენ, რომ ყველას აგენტი მამუკა ჯუღელია...

- თუ მწვრთნელს არ უნდოდა, მაშინ აგენტი ვერაფერს გააკეთებდა. ეს ნიშნავს, რომ ალექსანდრ ხაცკევიჩს უნდოდა, რომ ყველანი აქ ვყოფილიყავით. ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ. ლამაზი ქალაქია, შესანიშნავი სტადიონია, ვოლგოგრადში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ყველა პირობაა წარმატებისთვის.

- ზაფხულში „ლოკომოტივმა“ 31 წლის მცველი სლობოდან რაიკოვიჩი დაიმატა. არ გგონიათ, რომ უცნაურია?

- „ლოკომოტივზე“ ახლა ვერაფერს ვიტყვი, რადგან „როტორის“ ფეხბურთელი ვარ. მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტეს.

- გასული სეზონის მეორე ნაწილის დასაწყისიდან შემადგენლობაში ბრუნდებოდით. შემდეგ რა მოხდა?

- დიახ, დავბრუნდი, შემდეგ იური სიომინი წავიდა, ახალი მწვრთნელი მოვიდა და ესაა.

- როგორ ახსნა მარკო ნიკოლიჩმა გადაწყვეტილება?

- არაფერი აუხსნია, რა უნდა ეთქვა? როდესაც 5-6 თამაში სათადარიგო სკამზე ხარ, ყველაფერი გასაგებია. უნდა წახვიდე, რომ ითამაში. კონფლიქტი არავისთან მქონია, მივედი ხელმძღვანელობასთან და ვუთხარირ, რომ თამაში მინდოდა, ამიტომაც ვარ „როტორში“.

- ამბობენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე შექმნილი პრობლემების გამო არ გათამაშებდნენ...

- სისულელეა. ტრავმა მივიღე, წლის დასაწყისში დავბრუნდი, „ზენიტთან“, „ახმატთან“ და „როსტოვთან“ ვითამაშე, შემდეგ სეზონი შეწყდა, ხოლო განახლებამდე სიომინი გაუშვეს. შემდეგ რაც მოხდა, თავადაც ნახეთ.

- რა რეაქცია გქონდათ სიომინის წასვლაზე?

- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სიომინი ჩემთვის ლეგენდაა. მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე პატივს ვცემ. ყველაფერი რაც გამიკეთა, არასდროს დამავიწყდება. მასთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს და არასდროს არაფერი შეიცვლება.

- ტელეფონით ეხმიანებით?

- რა თქმა უნდა, ის ჩემთვის ცოცხალი ლეგენდა და „ლოკომოტივში“ ყველაზე პატივსაცემი პიროვნებაა.

- ამბობდნენ, რომ „ლოკომოტივში“ ჭარბი წონა გქონდათ...

- სიმართლე არაა. შეიძლება შეკრების დროს 2-3 კგ-ით მეტი ვიყავი, მაგრამ სეზონის განმავლობაში ფორმაში ვდგებოდი.

- თქვენს მომავალს „ლოკომოტივს“ ისევ უკავშირებთ თუ ჩავლილი ეტაპია?

- ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

- კონტრაქტის დასრულებამდე 1 წელი დარჩა...

- ვნახოთ. მსოფლიოში ბევრი გუნდი არსებობს, არამხოლოდ „ლოკომოტივი“. ყველაფერი ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, თუ არ უნდათ, რომ დავბრუნდე, არც მე მინდა. 100%-ით ვიცი, რომ სათადარიგო სკამზე აღარ დავჯდები.

- რას ფიქრობთ ალექსეი მირანჩუკის „ატალანტაში“ ტრანსფერზე?

- ყველაფერს სწორად აკეთებს, მისი წასვლის დრო იყო. ყოველთვის შეეძლება რუსეთში დაბრუნდეს, ნებისმიერი გუნდი აიყვანს.

- „ატალანტა“ კარგი ვარიანტია?

- შესანიშნავი გუნდია, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და მირანჩუკი ძლიერ ჩემპიონატში გადადის, წარმატებებს ვუსურვებ.

- გაუმკლავდება მირანჩუკი ფიზიკურ დატვირთვას?

- არ ვიცი, „ატალანტამ“ მიიწვია, ე.ი მისი შესაძლებლობებიც იცის.

0.119671