ფეხბურთი

23:20 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი ინტენსიური სეზონის მოლოდინშია

"ლივერპული" ინგლისის სუპერთასის მატჩში 29 აგვისტოს ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება. მატჩამდე "მერსისაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა და კითხვებს უპასუხა.

გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ გუნდს მოსამზადებლად დრო ნამდვილად არ ჰქონია და ისინი არა ერთი მატჩისთვის არამედ მთელი სეზონისთვის ემზადებოდნენ, სეზონისთვის, რომელიც ყველაზე ინტენსიური იქნება კლოპის სამწვრთნელო კარიერის ისტორიაში.

"ორკვირიანი მომზადების შემდეგ ჩვეულ სტილში ვერ ვითამაშებთ. ორი კვირა გვქონდა მოსამზადებლად და თავდაუზოგავად ვიმუშავეთ. "ზალცბურგთან" მატჩში ვისი ნახვაც გვსურდა, ყველა ვნახეთ და ბიჭები მძიმედ თამაშობდნენ; გვინდოდა დაგვეჯერებინა, რომ მძიმედ არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ "არსენალიც" ასეთ სიტუაციაში იქნება. ასე რომ ჩვენ მთელი სეზონისთვის ვემზადებით, ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური სეზონისთვის, რომელიც აქამდე გვინახავს, რადგან ბევრი თამაში გვექნება ასეთ სიტუაციაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მატჩი მოვიგოთ და "არსენალიც" იგივეს შეეცდება." - ციტირებს კლოპის სიტყვებს "ლივერპულის" ოფიციალური ვებგვერდი.

კლოპი სუპერთასის მატჩს "ამხანაგურს" არ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად დროის სიმცირისა, "არსენალთან" მატჩი შეჯიბრია და არა მოსამზადებელი შეხვედრა. გერმანელს სპეციალისტს ასევე გაუკვირდება თუ მისი გუნდი ხვალ სეზონის საუკეთესო შეხვედრას ჩაატარებს.

"სინამდვილეში ჩვენ ამხანაგური მატჩები არ გვქონია, ეს იყო ტესტ მატჩები, სავარჯიშო მატჩები და ამის მსგავსი. "არსენალთან" შეხვედრა არცერთია, ესაა შეჯიბრი. მოსამზადებლად იდეალური დრო არ გვქონია. თუ მკითხავთ რამდენი დრო გვჭირდებოდა მოსამზადებლად, გიპასუხებთ, რომ ექვსი კვირა იქნებოდა საუკეთესო პერიოდი. სეზონის დასაწყისამდე კი გვაქვს ოთხი კვირა, რომელიც ასევე შეჩერდება სანაკრებო მატჩებით. გაოცებული დავრჩები თუ სეზონის საუკეთესო მატჩი გვექნება, მაგრამ მზად ვიქნებით ვიბრძოლოთ შედეგისთვის და მეტოქეც მსგავს სიტუაციაშია. რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ." - აღნიშნა კლოპმა.

იურგენ კლოპს სატრანსფერო ბიზნესზე ჯერჯერობით გეგმა არ აქვს. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ 6 ოქტომბრამდე ბევრი დროა და კლუბი სიტუაციის მიხედვით გადაწყვიტას რამდენის დახარჯვა იქნება შესაძლებელი.

"კოსტასის სახით უკვე განვახორციელეთ ტრანსფერი, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდა მოთამაშეებიც გვყავს, რომლებმაც წინასასეზონო მზადება კარგად ჩაატარეს. არ ვიცი რა მოხდება, გულწრფელად ვამბობ, მაგრამ 6 ოქტომბრამდე ბევრი დრო გვაქვს. ასევე, საინტერესო იქნება სხვა კლუბები რას გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ ჩვეულ სტილში გავაგრძელებთ საქმიანობას. ვნახავთ, რამდენს შევძლებთ ან რამდენის დახარჯვა შეგვეძლება." - განაცხადა კლოპმა.

29 აგვისტოს ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი "ლივერპული" ასოციაციის თასის გამარჯვებულ ლონდონის "არსენალს" სუპერთასის მატჩში დაუპირისპირდება. შეხვედრა "უემბლიზე" თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. აღნიშნულ სუპერთასზე "მერსისაიდელები" და "მეთოფეები" მეოთხედ დაუპირისპირდებიან. წინა სამი შეხვედრიდან "ლივერპულმა" ორი მატჩი 1979 და 1989 წლებში მოიგო, ხოლო 2002 წელს დაპირისპირება "არსენალის" გამარჯვებით დასრულდა.

0.132131