კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ „პაფოსი“ მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.
მატჩს ორი გმირი ჰყავდა და ორივე ქართველი. 53-ე წუთზე „პაფოსს“ ანგარიშის გახსნის დიდებული შანსი ჰქონდა, მაგრამ ბრაიან ანგულომ პენალტი ვერ გაიტანა. კოლუმბიელს გიორგი ლორიამ აჯობა. 90-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანი უკვე თემურ ქეცბაიას გუნდის სასარგებლოდ დაინიშნა და ბურთთან თორნიკე ოქრიაშვილი მივიდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. „ოქრიმ“ სეზონი კარგად დაიწყო, ორ ტურში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
ოთხივე ქართველი, ლორია, ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. სამმა შეუცვლელად ითამაშა, ნიკა კი მინდორზე 58-ე წუთამდე იყო.
„ანორთოსისს“ ორ ტურში 6 ქულა დაუგროვდა და მომდევნო მატჩში 12 სექტემბერს, ნიქოზიის „ომონიას“ უმასპინძლებს.