ფეხბურთი

10:22 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: "არავინ იცის ხვიჩა როგორ შეაჩერონ, ევროპული გრანდების სამიზნე გახდება"

ჯანო ანანიძის აგენტმა თემურ ლეპსაიამ ყაზანის „რუბინის“ ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მალე ევროპული გრანდების რიგი დაუდგება. ლეპსაია დარწმუნებულია, რომ ხვიჩა „რუბინში“ დიდი ხანი არ დარჩება.

ასევე თქვა, რომ ყველამ იცის ქართველს რისი გაკეთება შეუძლია, მაგრამ არავინ იცის, როგორ უნდა შეაჩერონ. უფრო მეტიც, წინასწარ თვითონ ხვიჩამაც არ იცის, მცველის წინააღმდეგ თამაშის მომენტში რას გააკეთებს.

„ხვიჩა აღარ არის სიურპირიზი ან გასაკვირი. გასულ სეზონში პანდემიის შემდეგ მან შეძლო ყველასთვის შეეყვარებინა თავი არაჩვეულებრივი ტექნიკით, სისწრაფით, დრიბლინგით, გადაწყვეტილების მიღების სწრაფი უნარით. ყველამ იცის მას რა შეუძლია და აქ საკითხი სხვაგვარადაა. ჯერ არავინ იცის, ის როგორ შეაჩეროს. ხშირად, არამხოლოდ მცველმა არ იცის რა გააკეთოს მასთან თამაშის დროს, არამედ თავად ხვიჩამაც არ იცის რას გააკეთებს შემდეგ ეპიზოდში. ძალიან სახიფათო მოთამაშეა. კვარაცხელია ერთსა და იმავე დონეზე თამაშს თუ გააგრძელებს, „რუბინში“ დიდხანს არ დარჩება. არ ვიცი დარჩება რუსეთში, უფრო მდიდარ კლუბში წავა თუ ევროპაში, მაგრამ ამის ყველა წინაპირობა არსებობს.

სხვათა შორის, ხვიჩა საქართველოს ნაკრებშია ერთა ლიგის ორი მატჩისთვის გამოძახებული. როგორც იცით, ოქტომბერში ქართველები ბელარუსის ნაკრებს ხვდებიან და შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიას ან კოსოვოს. ეს მატჩები თბილისში გაიმართება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ თამაშს გულშემატკივარი დაესწროს, ცხადია სტადიონი სავსე იქნება და ეს დამატებითი დახმარებაა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდეს. ეს ნიშნავს, რომ ხვიჩა ევროპის ყველა მოწინავე სკაუტის ობიექტი გახდება. დარწმუნებული ვარ, რომ მას უკვე აკვირდებიან, მაგრამ არასაკმარისი მოცულობით და რაოდენობით. თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა და იქ წარმატებით ითამაშებს, მის ყიდვას იაფად ვერავინ მოახერხებს. დარწმუნებული ვარ, რომ მის ტრანსფერში ახლაც მინიმუმ 15 მილიონ ევროს მოითხოვენ“, - თქვა ლეპსაიამ metaratings-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ქართველმა შემტევმა რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში 27 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი შეასრულა და სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. მიმდინარე სეზონში ხვიჩას ჯერ გოლი არ გაუტანია, მაგრამ 1 საგოლე პასი მიითვალა და ერთხელ პენალტი მოიპოვა. ამასთან, ყველა მატჩში გამორჩეულია და „რუბინის“ კარგი თამაში დიდწილად მასზეა დამოკიდებული.

0.125533