ფეხბურთი

23:33 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი: "ფეხბურთელების წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული"

გერმანიის ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგისთვის მზადებას ორშაბათს შტუტგარტში დაიწყებს. "ბუნდესნაკრები" 3 სექტემბერს შტუტგარტში ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო სამი დღის შემდეგ ბაზელში შვეიცარიას შეხვდება.

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გადახალისებული 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებში დებიუტი ექნებათ რობინ გოსენს ("ატალანტა"), ფლორიან ნოიჰაუსს ("გლადბახი") და ოლივერ ბაუმანს ("ჰოფენჰაიმი"). ნაკრებს ასევე დაუბრუნდნენ "ბაიერნის" ფეხბურთელები ლეროი სანე და ნიკლას ზულე, თუმცა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა და სერჟ გნაბრი დაისვენებენ, ისევე როგორც "ლაიპციგის" მოთამაშეები მარსელ ჰოლშტენბერგი და ლუკას კლოსტერმანი.

ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ განვლილი თვეების განმავლობაში კორონავირუსმა ყველას შეუქმნა პრობლემა, თუმცა სამწვრთნელო შტაბს პასუხისმგებლობა აქვს აღებული და გუნდი უნდა მოამზადოს.

"მოხარულები ვართ, რომ ნაკრები დაბრუნდა და შესაძლებლობა აქვს საერთაშორისო მატჩები ჩაატაროს. განვლილი რამდენიმე თვე ყველასთვის რთული აღმოჩნდა. კორონავირუსმა ყველას სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა და ახლა უცნაურ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. თუმცა ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენ საქმეს და სასიამოვნოა, რომ შესაძლებლობა მაქვს ვიმუშაო გუნდთან ერთად მომდევნო კვირების განმავლობაში." - განუცხადა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციიხ ოფიციალურ ვებგვერდს ლიოვმა.

ლიოვის სამწვრთნელო შტაბისთვის გამოწვევა აღმოჩნდა შემადგენლობის სწორად შერჩევა. კორონავირუსის გავრცელების გამო ჩემპიონატები სხვადასხვა დატვირთვის ჩატარდა და ლიოვს მოუწია გადახალისებული შემადგენლობის დასახელება.

"დატვირთულმა სეზონმა შემადგენლობის შერჩევის პროცესზე გავლენა მოახდინა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან დაიტვირთნენ და მუდმივად თამაშობდნენ. ზოგი მოთამაშე ტრავმირებულია. ზოგმა კლუბებში დაიწყო ვარჯიში. მომავლისთვის მნიშვნელოვანია კლუბები და ნაკრები აქტიურად თანამშრომლობდნენ. ჩვენი პრიორიტეტი მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატია. ჩვენ ცოცხალი, ჯანმრთელი და თამაშს მოწყურებული მოთამაშეები გვჭირდება." - აღნიშნა ლიოვმა.

იოახიმს გათვითცნობიერებული აქვს, რომ 2020/21 წლის სეზონი ასევე ინტენსიური იქნება ყველასთვის, თუმცა მას გეგმა სჭირდება, რომლის მიხედვითაც ევროპის ჩემპიონატზე მისი გუნდი წარმატებას მიაღწევს.

"2020/21 წლების სეზონი გრძელი და ინტენსიური იქნება ყველასთვის. ამიტომ მიზანჭეწონილად ჩავთვალეთ რამდენიმე მოთამაშისთვის სექტემბრის საკლუბო პაუზის პერიოდში დასვენების საშუალება მიგვეცა. მოთამაშეების წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. ევროპის ჩემპიონატისთვის გაჯანსაღებული და დასვენებული ფეხბურთელები გვჭირდება, ასევე გვჭირდება გეგმა, რომელიც სწორი გზით მიგვიყვანს ტურნირამდე. ტურნირზე თავდაჯერებული გუნდით გვინდა წარვსდგეთ, რომელსაც შეეძლება მოწინააღმდეგის თამაშზე ადაპტირება და ასევე ჩვენ გუნდს თავისი სათამაშო სტილი უნდა ქონდეს."

ლიოვმა ასევე განმარტა თუ რატომ გამოიძახა ახალი სახეები ნაკრებში.

"ოლივერ ბაუმანი სტაბილურად თამაშობდა წლების განმავლობაში. სანაკრებო თამაშების დროს მანუელ ნოიერი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არ გვეყოლება და ოლივერს მიეცემა შანსი ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენის. რობინ გოსენსი ერთ-ერთია, რომელსაც გასული სეზონის განმავლობაში ვაკვირდებოდით. მას წარმატებული წელი ჰქონდა იტალიაში და დაიმსახურა გამოძახება. იგივეს თქვა შეგვიძლია ფლორიან ნოიჰაუსზეც, მან შთამბეჭდავად ითამაშა 21-წლამდელთა ნაკრებში და ასევე რეგულარულად თამაშობს." - განმარტა ლიოვმა.

გერმანიის ნაკრები ზემოთაღნიშნული სექტემბრის ნაკრების მატჩების გარდა, ოქტომბერში თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ხოლო ერთა ლიგაზე უკრაინას და შვეიცარიას დაუპირისპირდება. ნოემბერში "ბუნდესნაკრები" ასევე ამხანაგური მატჩით დაიწყებს ჩეხეთთან, შემდეგ კი ერთა ლიგაზე უკრაინას და ესპანეთს შეხვდება.

0.118643