მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა სკაუტმა ვიქტორ ტიშჩენკომ ხვიჩა კვარაცხელიასა და იმ მოვლენების შესახებ ისაუბრა, რის გამოც ქართველი მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ წავიდა. ტიშჩენკო იხსენებს, რომ კლუბში სათანადოდ არ დააფასეს და ეგონათ, რომ ჩვეულებრივი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო.
მას კვარაცხელიას ნიჭიერების დასტურად ვედრან ჩორლუკას სიტყვებიც მოჰყვას, რომელსაც უთქვამს, რომ ხორვატიაში ხვიჩას ღირებულება 25 მილიონი ევრო იქნებოდა.
- როგორ აღმოაჩინეთ კვარაცხელია?
- ახალგაზრდულ და იუნიორთა ნაკრებებს გადავხედე და ვნახე, რომ ხვიჩა 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში თამაშობდა - ყველგან. და, ყველგან საუკეთესო იყო. თავდასხმაში სწრაფი, მწვავე და შეტევას ყოველთვის ის აგრძელებდა. დღესდღეობით იშვიათია, რომ ვინმე ასე გაბედულად თამაშობდეს. მას არ ეშინოდა, ყოველთვის გამწვავებაზე მიდიოდა და უპირატესობას ქმნიდა. პირველად რომ ვნახე, გავაკეთე დასკვნა, რომ ჩვენთვის შესაფერისია და თამაშამდე სიომინს ვუთხარი: „17 წლის ბიჭია, ის უნდა ავიყვანოთ, რაც მალე უკეთესია. შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, გარკვეულწილად მირანჩუკს გავს“. 17 წლის? რა? გაგიჟდი? არა“, - მიპასუხა მან.
თამაშის შემდეგ სიომინი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მართლა ასეთი კარგია?“ კი - ვუთხარი მე - „გაფრინდი და კიდევ ნახე, იქნებ ცდები". წავედი რუსთავში ხვიჩას თამაშის სანახავად და თავიდანვე ორი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ პირველი ტაიმის შუაში ტრავმა მიიღო. ვიფიქრე, რომ ამაოდ მივედი და შესვენების დაწყებამდე მისგან არანაირი აქტიურობა აღარ ჩანდა, ძლივს დადიოდა. მეორე ტაიმში მათ გოლი მისი პასით გაიტანეს, თავად არ გაუტანია, მაგრამ მისი მიზანმიმართული ქმედებები მომეწონა.
- შემდეგ რა მოხდა?
- თამაშის შემდეგ ხვიჩას მეგობრებმა „რუსთავის“ გასახდელში შემიყვანეს, რომ მენახა მისი დაზიანება. შევედი და ის ექიმის გვერდით იჯდა, კოჭი ისე ჰქონდა გადიდებული, ვერ წარმომედგინა ბუცებში როგორ ჩაატია ფეხი. ახალი დასკვნა გავაკეთე - ის მებრძოლია. რაც უფრო სერიოზული თამაშია, უფრო მეტად მობილიზებულია.
თავდაპირველად „ლოკომოტივში“ უფასოდ გადავიდა, ხელფასსაც კი აგენტი უხდიდა. შემდეგ მათ სურდათ იმავე პირობებით კიდევ ერთი წელი დაეტოვებინათ თუ ისევ სიომინთან იმუშავებდა. თუმცა, ახალმა ხელმძღვანელობამ როგორც ჩანს, სხვანაირად, ცუდად იფიქრა და აგენტი ლოსიუკი მიუგზავნეს, რომელმაც შესთავაზა კონტრქტზე ხელი აგენტებისა და სიომინის ფარულად მოეწერა. ხვიჩამ უარი თქვა და მან უთხრა: „მაშინ აიღე ჩანთა და დილით აქ არ დაგინახო“. კლუბში ფიქრობდნენ, რომ კარგი, არაუშავს, აკადემიაში ასეთი ბევრი ფეხბურთელი გვყავს. მაგრამ, ასეთი არავინ იყო, არამხოლოდ „ლოკომოტივში“. ვლადიმერ გუცაევმა მითხრა: „საქართველოში 40 წლის განმავლობაში ასეთი ნიჭიერი არ დაბადებულა“.
- რატომ შესთავაზეს ხვიჩას ახალი კონტრაქტი აგენტებისგან ფარულად?
- მენეჯმენტმა ეს იმითა ახსნა, რომ აგენტებმა რაღაც მოითხოვეს, მაგრამ ასე არაა. ისინი არაფერს ითხოვნდნენ, მათი მჯერა. მათ უბრალოდ სურდათ ერთი სეზონით კლუბში დარჩენილიყო იგივე პირობებით: თუ ითამაშებდა და მიიღებდა ნორმალურ ხელფასს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: როდესაც ხვიჩა პირველად გამოჩნდა, ვედრან ჩორლუკამ, რომელიც ინგლისსა და გერმანიაში თამაშობდა, თქვა: „ხორვატიაში მისი ფასი 25 მილიონი ევრო იქნებოდა“. მთავარია, რომ გამოცდილი ფეხბურთელები გრძნობდნენ მის ნიჭს და ენდობოდნენ, ბურთს დროულად აწვდიდნენ და არ უგულებელყოფდნენ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ლოკომოტივში“ 2019 წელს 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. „რკინიგზელებში“ გატარებული 6 თვის შემდეგ ის ყაზანის „რუბინში“ აღმოჩნდა, რომელთანაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.