ფეხბურთი

23:58 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტომას ტუხელი: "ეს ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მიუხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ეს მისი კარიერის მთავარი მატჩია და ფეხბურთელები მზად არიან.

„აშკარაა, რომ ეს თამაში ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ აქ ვართ ფინალის სათამაშოდ და მოსაგებად. რთულია იმის ახსნა, რას ვგრძნობ ახლა, გამოფიტული ვარ, მაგრამ ამასთანავე ბედნიერი. მეტოქეს ყოველთვის პატივს ვცემთ. ჩემს ფეხბურთელებს მივაწოდე ინფორმაცია „ბაიერნის“ შესახებ. ეს ძალიან ძლიერი გუნდია და ვიცით, რომ რთული იქნება. ფინალში მნიშვნელოვანია შიშის გარეშე თამაში.

ვერატიმ და გეიემ ივარჯიშეს და ჩემს განკარგულებაში არიან, ნავასს რაც შეეხება, მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. მარკოს კუნთის დაზიანება არ ჰქონია, შესაბამისად, რისკი ამ შემთხვევაში უფრო დაბალია. ცხადია, ის არ არის 90 ან 120 წუთის სათამაშოდ მზად, მაგრამ ვნახოთ. ხვალ ნახევარდაცვაში დიდი ინტენსივობა დაგვჭირდება.

ვიცით, რომ სივრცეების მოძებნა მოგვიწევს, მაგრამ „ბაიერნს“ მაღალი ხარისხის მოთამაშეები ჰყავს. ჩვეულებრივად მოვემზადეთ, ბევრი დღე არ გვქონია ამისთვის. ჩვენ ფინალს ვითამაშებთ დიდი გუნდის წინააღმდეგ და არ მინდოდა ჩემი ფეხბურთელების ჩვევების შეცვლა.

ჩვენ გვყავს კეილორ ნავასი, ნეიმარი და დი მარია, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვთ. „ბაიერნმა“ უფრო მეტი ფინალი ითამაშა და ეს უპირატესობა აქვს, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობა არაა. აქ ყოფნა დავიმსახურეთ და ჩვენს თავში დაჯერებულები ვართ. გვინდა შესანიშნავად ვითამაშოთ და დიდი საქმე გავაკეთოთ, ამისთვის მზად ვართ“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი პსჟ-სა და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114278