რომის "ლაციო" "ბარსელონას" ფეხბურთელის რაფინიას დამატებასთან ახლოსაა. აღნიშნული ინფორმაცია Goal-მა გაავრცელა. წყაროს ინფორმაციით კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და შესაძლოა იტალიელებმა ფეხბურთელი 12 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატონ.
ჯერჯერობით უცნობია "ბლაუგრანას" ახალი მწვრთნელის რონალდ კუმანის გეგმებში შედის თუ არა რაფინია. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ წარმატებისთვის ბევრი ცვლილებაა საჭირო. "ლაციოს" კი დავიდ სილვას ტრანსფერი ჩაუვარდა და შემტევ ნახევარმცველს ეძებს.
რაფინია "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და იტალიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 2018 წელს ფეხბურთელი "ინტერში" იყო განათხოვრებული. გასულ სეზონში რაფინიამ 33 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 9.5 მილიონი ევროა.