არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს იცავს სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ჩოგბურთელის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი.
"გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.
ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი 22 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს და 100 000 ლარის გირასო სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა კი 20 ოქტომბერს არის ჩანიშნული.