ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული, ბობ და მაიკ ბრაიანების წყვილი, აშშ-ის ღია პირველობის მონაწილეთა განაცხადში არაა შეყვანილი. სია ოთხშაბათს გამოქვეყნდა. არაოფიციალური ინფორმაციით, 42 წლის ტყუპებმა სახელოვან კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.
კალიფორნიელთა წყვილ,ა, რომელიც გამარჯვების აღნიშვნის მათებური სტილითაც (ნახტომში მკერდით შეჯახება) არის გამორჩეული, ადრე გამოაცხადა, რომ ფლეშინგ მედოუსზე მათი წლევანდელი გამოსვლა, ბოლო იქნებოდა და ამის შემდეგ, კარიერას დაასრულებდნენ. სწორედ ნიუ იორკის კორტებზე დაიწყო მათი სახელოვანი სასლემო კარიერა 1995 წელს.
ერთი თვის წინ, დასავლეთ ვირჯინიაში გამოსვლისას, მათ განაცხადეს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, დაასრულონ თუ არა კარიერა. „ჩვენ მოგვწონს ასეთი ცხოვრება. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რას ვიზამთ. თუ ვიტყვით, რომ 2021 წელს თამაშს ვაპირებთ, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის ღიაზეც გამოვალთ“, - განაცხადეს ბრაიანებმა.
ძმები 25 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთად თამაშობდნენ. ამ დროის განმავლობაში, მათ 119 ტიტული აქვთ მოგებული, მათგან 16 დიდი სლემისაა, 39 მასტერსის და ოთხიც ATP-ს ფინალური ტურნირებისა. მათვე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვეს და იყვნენ აშშ-ის ნაკრების წევრები, რომელმაც 2007 წელს დევისის თასის მოგება შეძლო. 2018 წელს კი, როცა ბობს ტრავმა ჰქონდა, მაიკმა დამატებით დიდი სლემის ორი ტურნირი ჯეკ სოკთან ერთად მოიგო.