„დინამო თბილისი“ უმწვრთნელოდ დარჩა. კლუბი კახა ჩხეტიანმა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, რისი მიზეზიც „ტირანასთან“ წაგება და როგორც თავად თქვა, კლუბის მისამართით განხორციელებული ბულინგი გახდა.
„გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში დინამოს ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.
მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ, მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც დინამოს ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“, - ციტირებს ჩხეტიანის სიტყვებს „დინამოს“ ვებგვერდი.
კახა ჩხეტიანმა „დინამო თბილისი“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ჩაიბარა, როდესაც ესპანელი ჩისკო მუნიოსი შეცვალა. ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „დინამო“ ეროვნულ ლიგაში ათი ტურის თავზე მეორე ადგილზეა და ლიდერ „დინამო ბათუმს“ ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, ამასთან, საქართველოს სუპერთასზე თბილისის „საბურთალოსთან“ დამარცხდა.
ვინ შეცვლის კახა ჩხეტიანის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია. თბილისელებისთვის ევროტურნირების სეზონი არ დასრულებულა, რადგან ევროპა ლიგაზე გადაინაცვლეს.