ფეხბურთი

13:57 | 20.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "გენტმა" იეს თორუპი გაათავისუფლა

გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის „გენტმა“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. იუპილერ ლიგის საწყის ორ ტურში განცდილი ორი მარცხის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ იეს თორუპი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დანიელი „გენტს“ 2018 წლის შემოდგომიდან წვრთნიდა და ამ პერიოდში „გენტმა“ მისი ხელმძღვანელობით ჯერ ბელგიის თასის ფინალს უწია, სადაც დამარცხდა და და გასულ სეზონში კი ბელგიის ვიცე-ჩემპიონი გახდა, რითაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

თორუპი ქართველ ფეხბურთელებს ხშირად არ სწყალობდა, განსაკუთრებით ეს გიორგი ქვილითაიაზე ითქმის, რომელმაც ბელგიური გუნდის ძირითადში ფეხი ვერ მოიკიდა. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მას უმეტესწილად ლაზარეთში ყოფნა უწევდა.

თორუპს გენტში ლასლო ბოლონი შეცვლის, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს პირველი მწვრთნელი იყო. რუმინელი 2001-2003 წლებში „სპორტინგში“ მუშაობდა და სწორედ მაშინ წვრთნიდა პორტუგალიელს. 67 წლის სპეციალისტს ლისაბონელთა გარდა, „ნანსიში“, რუმინეთის ნაკრებში, „რენში“, „მონაკოში“, „ალ-ჯაზირაში“, „სტანდარდში“, „ალ-ბაჰდაში“, „ლანსში“, პაოკ-ში, „ალ-ჰორში“, „ალ-იტიჰადსა“ და „ანტვერპენში“ უმუშავია.

0.116751