„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა „ტირანასთან“ (0:2) მატჩი შეაფასა. მისი განცხადებით, წაგებას საკუთარ თავზე იღებს და გამარჯვება ყველაზე მეტად ფეხბურთელებს უნდოდათ.
„არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა უგულოდ ითამაშეს, თუ რაიმე არ გამოუვიდათ, საკუთარ თავზე ვიღებ. სხვა ფეხბურთელები რომ დამეყენებინა ძირითადში და შედეგი იგივე ყოფილიყო, იგივეს მეტყოდით. გეთანხმებით, რომ შემადგენლობის შერჩევაში შეცდომა დავუშვი, მაგრამ არმგონია, რომ ვინმე დაუმსახურებლად იყო სასტარტოში. ვარჯიშებიდან, ყველაზე მეტად თავი ამ ფეხბურთელებმა გამოიჩინეს.
რაც ჩაფიქრებული გვქონდა რომ გამოგვსლოდა, არ წავაგებდით. კიდევ ვიმეორებ, რომ წაგებას საკუთარ თავზე ვიღებ, ფეხბურთელებზე ვერ ვიტყვი, რომ უგულოდ ითამაშეს, რადგან გამარჯვება თუ ვინმეს უნდოდა, პირველ რიგში მათ უნდოდათ. შულაიას რაც შეეხება, თამაშის სცენარიდან გამომდინარე პოზიციებს ფეხბურთელები ცვლიან. მას უთამაშია, როგორც ფლანგზე ისე ცენტრში, ხოლო ქავთარაძის უთამაშებლობის მიზეზი მცირე ტრავმაა და რისკზე არ წავედით.
ვეცდებით, რომ ასეთი თამაში აღარ ვაჩვენოთ, ამის 10%-იც კი. თუ გვინდა, რომ ევროპა ლიგაზე უკეთ ვითამაშოთ, ყველაფერი უნდა შევცვალოთ, მათ შორის თამაშისთვის დამოკიდებულება, რადგან თითქმის არაფერი გამოგვივიდა. ამ თამაშით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი გამოსასწორებელია.
შემადგენლობის გაძლიერება? არ ვიცი, ხელმძღვანელობას უნდა დაველაპარაკო, ახლანდელ ბირთვთან სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. ჩემი მომავალიც ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია თუ ისინი ჩათვლიან, რომ გუნდი არ ვითარდება“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.
შეგახსენებთ, „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მაგრამ ევროსეზონი არ დაუსრულებია და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.