დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართება და ფინალში „პარი სენ ჟერმენის“ მეტოქე გაირკვევა. ლისაბონში, „ჟოზე ალვალადეზე“ აშკარა ფავორიტად შერაცხული მიუხენის „ბაიერნი“ „ლიონს“ დაუპირისპირდება.
თუმცა, „ლიონთან“ ფავორიტებად „მანჩესტერ სიტი“ და „იუვენტუსიც“ მიიჩნეოდნენ, სხვა საქმეა, რომ „ბაიერნი“ საოცარ ფორმაშია. მიუნხენურმა გიგანტმა მიმდინარე სეზონში მთები გადადგა და წინა ეტაპზე „ბარსელონა“ საშვილიშვილოდ შეარცხვინა (8:2). საერთოდ, „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველა მატჩი მოგებული აქვს... თავის მხრივ, „ლიონიც“ დიდ ქებას იმსახურებს, რადგან ჯერ ტურინის „იუვენტუსი“ გააგდო, მერე „მანჩესტერ სიტიც“ ზედ მიაყოლა და ეს პატარა ამბავი ნამდვილად არაა.
დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისის გარეშე ხვდება და მოედანზე უძლიერესი შემადგენლობით გავლენ. „ბაიერნს“ შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალს 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს, ხოლო „ლიონისთვის“ ეს პირველი და უნიკალური ფინალი იქნება, ცხადია, თუ მოიგებს. ისე, „ლომები“ აქამდე ერთადერთხელ არიან ნახევარფინალში ნამყოფი და ეს ზუსტად 10 წლის წინ იყო, მაშინ სწორედ „ბაიერნს“ დაუპირისპირდნენ და ორი მატჩის ჯამში უშანსოდ წააგეს (0:1, 0:3). ამრიგად, „ლიონს“ რევანშის შანსი აქვს, მაგრამ გერმანული გუნდი ცალსახად გამოკვეთილი ფავორიტია, რადგან მართლაც საოცარი სეზონი ჩაატარა.
ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 8-ჯერ დაუპირისპირდნენ და უპირატესობა გერმანელთა მხარესაა, რომლებმაც ოთხჯერ იმარჯვეს. ბოლო ორი დაპირისპირება „ბაიერნმა“ მოიგო, სწორედ 10 წლისწინანდელ ნახევარფინალში. „ლიონისთვის“კარგად გასახსენებელია 2001 წლის 6 მარტს საფრანგეთში 3:0 მოგება და 2003 წლის 5 ნოემბერს, მიუნხენში 2:1 გამარჯვება. საინტერესოა, რომ ყველა შემთხვევაში ამ გუნდების გზა ჩემპიონთა ლიგაზე გადაიკვეთა.
რუდი გარსია („ლიონის“ მთავარი მწვრთნელი): „მადა ჭამაში მოდის, ჩვენ ახლა გვაქვს მადა, რომ ფინალამდე მივიდეთ და ამის გაკეთება შეგვიძლია თუ შესანიშნავად ვითამაშებთ. ეს დამოკიდებულია „ბაიერნზეც“, მაგრამ ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ. „ბაიერნს“ სუსტი წერტილები არ აქვს, თუმცა სრულყოფილი გუნდი არ არსებობს. თუ შევძლებთ ჩვენი თამაში ვითამაშოთ, ბურთი ვაკონტროლოთ, კარგი კომბინაციები გავათამოშთ, შეგვეძლება წარმატების მიღწევა. ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს“.
ჰანს-დიტერ ფლიკი („ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ, ვარჯიშების დროს შესანიშნავი ატმოსფერო და ინტენსივობაა. მშვიდად ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი ჩემი გუნდი კარგადაა ორიენტირებული დიდ მიზნებზე. ეს არის ერთი მატჩი, რომელიც 0:0-დან იწყება და 90 წუთი იმავე ინტენსივობით უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს „ბარსელონასთან“ გავაკეთეთ“.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლისაბონი, „ჟოზე ალვალადე“, 19 აგვისტო, 23:00 საათი
„ლიონი“ (3-5-2): ლოპეში; დენაიერი, მარსელო, მარსალი; დუბუა, კოკრე, გიმარაეში, აუარი, კორნე; დეპაი, დემბელე
„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, დევისი; გორეცკა, ტიაგო ალკანტარა; პერიშიჩი, მიულერი, გნაბრი; ლევანდოვსკი
მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)