ფეხბურთი

21:56 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, მთელი ქვეყნის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ჩემპიონ "ტირანას" დაუპირისპირდება. თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული თამაშის შესახებ ისაუბრა.

„გუნდში საბრძოლო განწყობაა, წინასწარ შანსებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს არ მიყვარს, კარგ გუნდს ვეთამაშით და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. უფლის, საკუთარი თავის და გულშემატკივრის იმედი გვაქვს, რომლებიც სამწუხაროდ თამაშს ვერ დაესწრებიან. ვფიქრობ არ აქვს მნიშვნელობა ერთმატჩიანი დუელია თუ ორი, ეს არ ცვლის იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია. მთელი თამაში კონცენტრირებული უნდა ვიყოთ და ერთი წამით არ უნდა დავკარგოთ. მეტოქეზე ინფორმაცია მოვიძიეთ, რაც კი შესაძლებელი იყო. თავდასმხმაში ჰყავთ ძალიან კარგი ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელები, შევისწვალეთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფით მხარეები და ვეცდებით საჩვენოდ გამოვიყენოთ. გვინდა გავიმარჯვოთ, რომ ჩვენი გულშემატკივარი და მთელი საქართველო გავახაროთ.

არამგონია დიდი უპირატესობა იყოს ის, რომ ჩვენი ჩემპიონატი მიმდინარეობს, რადგან მეტოქემაც ცოტა ხნის წინ თასის ფინალი ითამაშა. ჩვენის მხრივ კარგია, რომ სეზონი მიდის და ტონუსში ვართ. გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს და ყველა ჯანმრთელადაა, თუ არ ჩავთვლით ლევან ხარაბაძეს, რომელიც ამ ეტაპზე გუნდთანერთად ვერ ემზდება. აკაკი შულაია ვათამაშე, რადგან მას ეს სჭირდება ფორმაში დასაბრუნებად და ახლა საუკეთესო კონდიციისგან შორსაა, მაგრამ ყველამ ვიცით თუ რამხელა ძალაა ჩვენთვის, როდესაც ფორმაშია.

ალბანურ გუნდთან მომიწია დაპირისპირება, როდესაც „ტორპედოში“ ვიყავი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ადვილად მოვიგეთ. თუ შევადარებთ, მიმაჩნია, რომ „ტირანა“ოდნავ უკეთესი გუნდია.

ქართველ ხალხს ძალიან სჭირდება სიხარული და ჩვენის მხრივ შეგვიძლია გავახაროთ. ამდენად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ერის წინაშე და იქედან გამომდინარე, რომ ვიცი, როგორ უყვართ ჩემს ფეხბურთელებს საქართველო, დარწმუნებული ვარ მოსაგებად ყველაფერს გაიღებენ.

გუნდის გაძლიერებას რაც შეეხება, დიახ ვაპირებთ ერთი ლეგიონერის დამატებას, მაგრამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ნიკა ნინუას ტრანსფერი? თუ მაქსიმუმს გააკეთებს, ნამდვილად აქვს იმის ნიჭი, რომ პაოკ-ის ლიდერი გახდეს. საბერძნეთში თავის გამოჩენის შემდეგ კი უკეთეს გუნდში უფრო ადვილად მოხვდება. „ბეშიქთაშთან“ სამწუხაროდ ბოლო მომენტში ჩაეშალა გარიგება და ეს ფსიქოლოგიურად მისთვის მძიმე დარტყმა იყო, რის გამოც ჩვენც გვერდში ვედექით. საბედნიეროდ, მალევე გამოჩნდა პაოკ-ის ვარიანტი. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს გიფორმებენ, იქ ერთ-ორ კვირას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს.

სხვა ქართულ გუნდებს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ ყველას კარგი მეტოქე შეხვდა, თუმცა პანდემიამ მთელ მსოფლიოში ყველაფერი შეცვალა. მინდა ყველა ქართულ გუნდს წარმატება ვუსურვო და ჯგუფურ ეტაპზე ეთამაშოთ“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, "დინამო თბილისი" - "ტირანას" მატჩი 19 აგვისტოს, 21:00 საათზე "დინამო არენაზე" უმაყურებლოდ გაიმართება. წყვილში გამარჯვებული კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასა" და გიბრალტარის "ევროპას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112985