ფეხბურთი

11:21 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლისაბონში ისტორია დაიწერება

დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი გაიმართება და შესაბამისად პირველი ფინალისტიც გაირკვევა. „ესტადიო და ლუჟზე“ ისტორია დაიწერება, „ლაიფციგი“ ან „პარი სენ ჟერმემი“ პირველად მიაღწევს ჩემპიონთა ლიგის ფინალს!

ორივე გუნდისთვის აქ ყოფნა ძალიან დიდი იშვიათობა და უცხო ხილია. „ლაიფციგის“ შემთხვევაში ეს გასაკვირი არაა, პირიქით, აქ ყოფნაა გასაკვირი, რადგან 11 წლისაა და ცხადია, დებიუტანტია ნახევარფინალური ეტაპის. აი, პსჟ კი პრაქტიკულად სწორედ ეს 11 წელია ძალიან დიდ, განუსაზღვრელ ინვესტიციას აკეთებს, მაგრამ ჯერ მთავარი მიზანი ნასერ ალ-ხელაიფის გუნდისთვის მიუწვდომელია. თუ „ლაიფციგი“ დებიუტანტია ნახევარფინალში, პსჟ-ს მცირე გამოცდილება მაინც უმაგრებს ზურგს, 1994-1995 წლების სეზონში უწია ამ ეტაპს და იტალიურ „მილანთან“ ორივე თამაში წააგო, ჯერ შინ 0:1 და მერე სტუმრად - 0:2.

მეოთხედფინალში ორივე გუნდმა ერთნაირი ანგარიშით, 2:1 იმარჯვა. „ლაიფციგმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ დაჯაბნა და დამსახურებულად დაამარცხა გაცილებით გამოცდილი და ფავორიტად შერაცხული დიეგო სიმეონეს გუნდი. „პარი სენ ჟერმენი“ კი ბეწვის ხიდზე იყო და ახლოს გახლდათ მორიგ იმედგაცრუებასთან. ტომას ტუხელის ბიჭები ბერგამოს „ატალანტასთან“ 90-ე წუთამდე აგებდნენ, მაგრამ შემდეგ იტალიელთა დაღლილობამ თავი იჩინა, მარკინიოსმა გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მესამე კომპენსირებულ წუთზე ერიკ ჩუპო-მოტინგმა გამარჯვების გოლი გაიტანა. პსჟ მეოთხე გუნდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც თამაში დამატებითი დროისა და პენალტების სერიის გარეშე მოიგო მაშინ, როდესაც 90-ე წუთის მიმდინარეობისას აგებდა...

ეს გუნდები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. თუ არ ჩავთვლით 2014 წლის ზაფხულში „რედ ბულ არენაზე“ ამხანაგურ დაპირისპირებას, რომელიც გერმანელებმა 4:2 მოიგეს და ერთი გოლი იუსუფ პოულსენმა გაიტანა. დანიელი დღეს სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

„ლაიფციგი“ პრაქტიკულად დანაკლისის გარეშე ხვდება მატჩს, თუ არ ჩავთვლით კონატეს არყოფნას, რაც იულიან ნაგელსმანისთვის დიდი თავსატეხი ნამდვილად არ გახლვათ. სამაგიეროდ, პარიზელთა ბანაკში უფრო მძიმედაა საქმე. „ატალანტასთან“ დაშავებული კეილორ ნავასი ვერ ითამაშებს და მას სერხიო რიკო შეცვლის, ასევე დიდი ალბათობით, მოედანზე ვერ გავლენ იდრისა განა გეიე, მარკო ვერატი და ლაიუინ კურზავა. სამაგიეროდ, პარიზელებს დისკვალიფიკაცია მოხდილი ანხელ დი მარია დაუბრუნდათ, ხოლო კილიან მბაპე უკვე მზადაა და ძირითადში იქნება.

კიდევ ერთი საინტერესო საკითხი მწვრთნელთა დუელია. ტომას ტუხელისა და იულიან ნაგელსმანის გზები არაერთხელ გადაკვეთილა. საერთოდ, იყო დრო, როდესაც ნაგელსმანი ტუხელის შეგირდი გახლდათ, მაგრამ მისი კარიერა, როგორც ფეხბურთელის არ შედგა, სამაგიეროდ, 33 წლის ასაკში მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, რაც რეკორდია. სარეკორდოა ნახევარფინალში ერთი ქვეყის სამი მწვრთნელის ყოფნაც და ჰანს-დიტერ ფლიკსაც თუ გავითვალისწინებთ, გერმანულმა სამწვრთნელო სკოლამ ისტორია დაწერა.

იულიან ნაგელსმანი („ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ ნამდვილად არ გვითამაშია რესტარტის შემდეგ ისეთი ფეხბურთი, რომელიც გვსურდა, მაგრამ თანახმა ვარ ცუდად ვითამაშოთ და მოვიგოთ. ფეხბურთელებს ნამდვილად აქვთ გამარჯვების სურვილი, ჩვენ მშიერი გუნდი ვართ და შემდეგი ნაბიჯისთვის მზად ვართ. წინასწარ ვერ გავთვლით რისი გაკეთება შეუძლიათ ნეიმარსა და მბაპეს, ისინი საუკეთესო ფეხბურთელები არიან. თავი გუნდურად უნდა დავიცვათ, მიუხედავად იმისა, რომ რთული იქნება. ფეხბურთი მაშინაა საინტერესო, როცა ორივე გუნდს შეტევა უყვარს. მე ბევრჯერ მომიწია ტუხელთან დაპირისპირება და იშვიათად ვიმარჯვებდი, იმედია ახლა ყველაფერი შეიცვლება“.

ტომას ტუხელი („პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ამას ვიმსახურებთ. შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ და ძალიან ბევრი ვიშრომეთ აქ ყოფნისთვის. ყველა მატჩს სერიოზულად ვუდგებოდით. წარსულზე არ ვისაუბრებთ, მხოლოდ აწმყო გვაინტერესებს. „ლაიფციგი“ მაღალ პრესინგს თამაშობს, თამამი, ახალგაზრდა და სწრაფი გუნდია. ასეთი იყო „ატალანტაც“. ჩვენ ჩვენი სტილი გვაქვს, მათ - თავისი“.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლისაბონი, „და ლუჟი“ 18 აგვისტო, 23:00 საათი

„ლაიფციგი“ (3-4-3): გულაში; კლოსტერმანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი; ლაიმერი, კამპლი, ზაბიტცერი, ანხელინო; დანი ოლმო, პოულსენი, ნკუნკუ

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): სერხიო რიკო; კერერ, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; დი მარია, მარკინიოსი, პარედესი; მბაპე, იკარდი, ნეიმარი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)

0.226121