ფეხბურთი

1:12 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "შახტარი" გაანადგურა და ფინალში გავიდა

ევროპა ლიგის მეორე ფინალისტი გაირკვა და მილანის „ინტერმა“ დონეცკის „შახტარი“ ნახევარფინალისთვის შეუფერებული ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

ნახევარფინალში ეს ანგარიში მართლაც უცნაური რომ გახლავთ, ეს ამბავიც მოწმობს - „ინტერმა“ ევროპა ლიგის ისტორიაში ნახევარფინალურ სტადიაზე ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა.

უკრაინელებმა სწრაფადვე გაუშვეს, როდესაც პიატოვის შეცდომით ბარელმა ისარგებლა და ლაუტარო მარტინესს საგოლე პასი გაუკეთა. არგენტინელმაც ანგარიშის გახსნა მოახერხა. დონეცკელები ავად თუ კარგად, თამაშში დარჩენას 64-ე წუთამდე ახერხებდნენ, მაგრამ შემდეგ სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს.

მოედანზე ანტონიო კონტეს გუნდი რასაც ისურვებდა იმას აკეთებდა და საბოლოო ანგარიშიც ლოგიკურია. ლაუტარომ დუბლი გაიფორმა, მას არც რომელუ ლუკაკუ ჩამორჩა, რომელმაც ევროპა ლიგაზე ზედიზედ მეათე მატჩში გაიტანა და წინა თამაშში თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. სხვათა შორის, ბელგიელს უკვე 33 გოლი დაუგროვდა სეზონში და „ინტერში“ ამაზე შედეგიანად პირველი სეზონი მხოლოდ ლეგენდარულ რონალდოს ჩაუტარებია, რომელსაც რომელუ უკვე ერთადერთი გოლით ჩამორჩება. ისიც ვთქვათ, რომ მილანელებმა სეზონში 111 გოლი გაიტანეს, რაც მათი ისტორიის რეკორია.

„შახტარის“ დაცვის ცენტრში დავით ხოჭოლავა 90 წუთი იყო, ლუკაკუს 78-ე წუთამდე კარგად უმკლავდებოდა, მაგრამ ბოლოს ბელგიელმა მაინც მოახერხა თავის გამოჩენა. „ინტერი“ ფინალში „სევილიას“ დაუპირისპირდება და მატჩი 21 აგვისტოს შედგება. ორივე გუნდს ჯამში რვა ტიტული აქვთ მოგებული ევროპა ლიგა/უეფას თასზე - „ინტერი“ სამჯერ გახდა ჩემპიონი, მისი მომავალი მეტოქე კი ტურნირის რეკორდსმენია 5 ტიტულით.

„ინტერი“ – „შახტარი“ 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლაუტარო (19), 2:0 დ’ამბროზიო (64), 3:0 ლაუტარო (74), 4:0 ლუკაკუ (78), 5:0 ლუკაკუ (84)

0.244177