კატალონიის „ბარსელონამ“ კიკე სეტიენის შემცვლელი შეარჩია და არჩევანი რონალდ კუმანზე გააკეთა. ესპანური მედიის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და ნიდერლანდელი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ამის შესახებ ოფიციალურად მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. კატალონელთა მენეჯმენტი თვლის, რომ კუმანი საუკეთესო კანდიდატია მწვრთნელის პოსტზე.
კუმანი ამჟამად ნიდერლანდების ნაკრების სათავეშია, მაგრამ ცხადია ეროვნული ნაკრების დატოვება მოუწევს.
„ბარსელონა“ რონალდ კუმანისთვის ძალიან ნაცნობი ადგილია. 1989-1995 წლებში გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი და ლიდერი იყო (264 მატჩი, 88 გოლი), ხოლო 1998-2000 წლებში სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. სამწვრთნელო კარიერაში კუმანს ნიდერლანდების ნაკრების გარდა, „ვიტესი“, „აიაქსი“, „ბენფიკა“, პსვ ეინდჰოვენი, „ვალენსია“, „ალკმაარი“, „ფეიენოორდი“, „საუთჰემპტონი“ და „ევერტონი“ გაუწვრთნია.