მსოფლიოს მეორე ჩოგანმა სიმონა ჰალეპმა პრაღის ღია პირველობა მოიგო. რუმინელმა ფინალში ბელგიელი ელიზე მერტენსი დაამარცხა 6-2, 7-5, რის შემდეგაც განაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებს.
28 წლის ჰალეპისთვის, კრონავირუსის პანდემიური წყვეტის შემდეგ, ეს პირველი ტურნირი იყო. პანდემურ ჩაკეტვამდე, მან დუბაის ტურნირზე გაიმარჯვა. ჩოგბურთელის თქმით, ნიუ იორკში თამაშზე გადაწყვეტილების მისაღებად, მას გარკვეული დრო ესაჭიროებოდა და რომ პრაღის შემდეგ, ამისთვის კარგი დროა.
პირველ წრეში, ჰალეპს სლოვენიელი პოლონა ჰერცოგის დამარცხება გაუჭირდა. იოლად არც ჩეხ ბარბორა კრეიჩიკოვასთან და თანამემამულე ირინა-კამილია ბეგუსთან მოუგია. მაგრამ გადაღლის მიუხედავად, ფინალში ისე გამოიყურებოდა, როგორც მსოფლიოს მეორე ჩოგანს შეეფერება. მერტენსის დასამარცხებლად, მას საათი და 33 წუთი დასჭირდა. ჰალეპმა თავის კარიერაში, WTA-ს 21-ე ტურნირი მოიგო.
მერტენსმა პირველი ორი გეიმის მოგებით დაიწყო. მაგრამ ჰალეპმა მის აგრესიას, უკანა ხაზიდან თამაში დაუპირისპირა და შემდგომი ხუთი გეიმის მოგებით, გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია.
მეორე სეტის დასაწყისში, მერტენსმა კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის გეიმის მოგება. მაგრამ საკუთარ მოწოდებაზე ვერ ივარგა. მეხუთე გეიმში კი ჰალეპმა კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის გეიმის მოგება და თითქოს, შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა. მაგრამ მერტენსმა ერთხელაც გაიბრწყინა და მერვე გეიმში ანგარიში გაათანაბრა - 4-4. სულ ეს იყო, რაც ბელგიელმა შეძლო. ჰალეპმა მე-11 გეიმში კიდევ ერთხელ გატეხა ის მისსავე მოწოდებაზე, რის შემდგაც უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.